თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში, მუხიანი 2-ის დასახლებაში, წყალარინების ახალი ქსელის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოებს აწარმოებს.
სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
თბილისის მერის დავალებით, დასახლებაში სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და გარდამავალი პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო 1.2 კმ სიგრძის ცენტრალური კოლექტორი. მეორე ეტაპზე, 2.5 კილომეტრზე, ვარდისუბნის ქუჩაზე, მოეწყობა 500მმ გარე ქსელი და 100 ერთეული ჭა.
წყალარინების გარე ქსელის მოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „გზა“ აწარმოებს.
დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტის მეორე ეტაპის განხორციელებაზე 750 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები აპრილში დაიწყო და მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება.