თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი – მიმდინარე წლის დეკემბერში, ხოლო მეორე ეტაპი 2025 წლის ივნისში დასრულდება.
„გლდანის VIII მიკრორაიონში, 10 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სადემონტაჟო სამუშაოები განხორციელდა. დაგეგმილია გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემების, საფეხმავლო ბილიკების, საბავშვო და სპორტული მოედნების მოწყობა. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. სამუშაოების ღირებულება ორ მილიონ ლარს შეადგენს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, მუნიციპალიტეტის მერია მსგავს პროექტებს დედაქალაქის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს.
„ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობა მნიშვნელოვანია. ბოლო წლების განმავლობაში სკვერები არა მხოლოდ გლდანში, არამედ ყველა რაიონში მოვაწყვეთ, ნაწილს რეაბილიტაცია ჩავუტარეთ. დავიბრუნეთ გასხვისებული პარკები, რაც განწირული იყო, რომ მათ ადგილას კორპუსები აშენებულიყო. არაფერი უხდება ჩვენს ქალაქს ისე, როგორც გამწვანება. ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.