გლდანის რაიონში, დუმბაძის გამზირის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა
გლდანის რაიონში, მუხიანის დასახლებაში, დუმბაძის გამზირის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დასრულებულ პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე თავის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„დუმბაძის გამზირზე კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებში, წყლისა და წყალარინების ქსელები ძირეულად შეიცვალა, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, მოასფალტდა გზა. დარჩენილია გზაგამყოფები, რომლებიც ერთ კვირაში მოწესრიგდება. მოეწყობა ახალი გამწვანება, თავისი სარწყავი სისტემით. ასევე, ორი კვირის შემდეგ განხორციელდება გზის დახაზვითი სამუშაოები, რადგან შესაბამისი სამუშაოების დასაწყებად, გარკვეული დროის გასვლა აუცილებელია. ყველგან, სადაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვაწარმოებთ, ყველაფერი ძირეულად იცვლება, რათა სამომავლოდ, მოსახლეობას პრობლემები არ შეუქმნას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, დუმბაძის გამზირზე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია განხორციელდა, მოეწყო ახალი ბორდიური და ტროტუარი, ხოლო ასფალტის საფარი 17 000 კვ. მეტრ ფართობზე დაიგო.
თბილისის მერიის ცნობით, სამუშაოები, რომელზეც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 1 400 000 ლარი დაიხარჯა, შპს „ენ სი სიმ“ აწარმოა. ამასთან, მერიის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა.
დუმბაძის გამზირზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ქეთევან ჯოხაძე იმყოფებოდნენ.