გივი თარგამაძე - ყველა რომ დაგვიჭიროთ, პრობლემა არ არის, ეს აქციები და პროტესტი გაგრძელდება
მინდა, ვუთხრა ხელისუფლებას, რომ ყველაფერს ვხედავთ, სწორად ვაფასებთ და გვესმის მათი მიზანი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გივი თარგამაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველა ოპოზიციონერიც რომ დაიჭიროს აქციები და პროტესტი მაინც გაგრძელდება.
„მინდა, ვუთხრა ხელისუფლებას, რომ ყველაფერს ვხედავთ, სწორად ვაფასებთ და გვესმის მათი მიზანი, რომ როგორმე გადაიყვანონ ეს ყველაფერი ისევ იმ ჭრილში, ძველ და ახალ ხელისუფლებას შორის დაპირისპირებით გადაფარონ, ეს საღი, მტკიცე, მოწესრიგებული პროტესტი საზოგადოების. აქედან გამომდინარე, ახლავე შეგვიძლია, ვუთხრათ, ყველა რომ დაგვიჭიროთ, პრობლემა არ არის, ეს აქციები გაგრძელდება და ეს პროტესტი გაგრძელდება, აი ამ სახით, ვსაუბრობ კანონიერ პროტესტზე. ამ ხალხისთვის აქვთ პასუხი გასაცემი, ეს ხალხი თავის მიზანს მიაღწევს“, – განაცხადა გივი თარგმაძემ.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აუცილებლად გადადგება.
„გახარია გადადგება და ვინც გასათავისუფლებელია, გათავისუფლდება. ყველაფერი მოვა იმ არჩევნებამდე, რომელიც გამარჯვების პირობებში ჩატარდება პროპორციული სახით და ეს ხელისუფლება აღარ ეყოლება ამ ქვეყანას“, – აღნიშნა თარგამაძემ.
კითხვაზე, რამდენად კონსტიტუციური იყო ნიკა მელიას მოწოდებები აქციაზე, თარგამაძე ამბობს, რომ ახლა ამაზე საუბარი არასერიოზულია.
„ამაზე საუბარიც ახლა არასერიოზულია. წინა ორი კვირა ჩვენ ვხედავდით ვასაძეებს კომბლებით და ა.შ, ასევე მოწოდებებს დარბევებზე და ფიზიკურ ზემოქმედებაზე. ეს ხალხი საერთოდ არ დაუბარებიათ გამოკითხვაზე და რაზე ვსაუბრობთ, ერთი მოწოდება შეიძლება ასე აღვიქვათ და მეორე არა, რადგან ის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია?“, – აცხადებს გივი თარგამაძე.
გენერალური პროკურატურა ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტისგან თანხმობას ითხოვს. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. მელია ხვალ დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მისთვის ბრალდების წარდგენის მიზნით. გენერალურმა პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, უკვე აცნობა საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მიმართა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.