გივი თარგამაძე - ამათი იარაღით გადაგდება რომ გვდომოდა, ორიათასჯერ გავაკეთებდით, მაგრამ ქვეყანას ვუფრთხილდებით
ამათი იარაღით გადაგდება რომ გვდომოდა, ორიათასჯერ გავაკეთებდით, მაგრამ ქვეყანას ვუფრთხილდებით, – ამის შესახებ გივი თარგამაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
თარგამაძის თქმით, ქვეყანა რომ გადარჩეს, ყველაფერი უნდა გააკეთონ, მათ შორის, მისაღებია მწვავე პროტესტიც.
„დეტალიზებული განხილვა, რკინიგზა რა ვარიანტში გაიხსნება, რა ვარიანტში არ გაიხსნება, თუ გაიხსნა, რა მოხდება, წყლის ნაყვაა. ყველაფერი მოხდება, თუ არ იქნება ადეკვატური წინააღმდეგობა. შემდეგი იქნება რკინიგზა, მერე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, მერე, თუ ერდოღანი დარჩა, სამმხრივი ფორმატი ან პირდაპირი ორმხრივი, საბოლოო ჯამში, იქნება ერთმხრივი, სადაც ჩვენ ვიქნებით წაკუზული და ისინი იქნებიან ზედ წამომჯდრები. ვაიმე, ის ფორმა, ეს ფორმა, პოლიციის მანქანა არ დავწვათ, იმას ასე არ ველაპარაკოთ… ქვეყნის გადარჩენა თუ გვინდა, აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ამათი იარაღით გადაგდება რომ გვდომოდა, ორიათასჯერ გავაკეთებდით, მაგრამ ქვეყანას ვუფრთხილდებით. ყველაფერში ვგულისხმობ პროტესტს, მაგრამ ისეთ პროტესტს, რომელიც ამათ მოარტყამს ცხვირში, შეაშინებს, როგორც მარტში ეშინოდათ, როგორც გავრილოვის დროს გამოვარდა ის არარაობა, სამკუთხედთავიანი და უცახცახებდა ხმა. ასეთ პროტესტს და იმაზე მეტ პროტესტს ვგულისხმობ. ხომ ნახეთ მაშინ, როგორ შეეშინდათ, ანუ ვიცით, რომ ეშინიათ და თუ ვიცით, რატომ არ ვაკეთებთ იმას, რომ ისე შეეშინდეს, რომ მორჩეს ამ ყველაფერს“, – განაცხადა თარგამაძემ.
როგორც თარგამაძემ აღნიშნა, მარტის პროტესტის დროს, როცა ჩვენთან პოლიციის მანქანის დაწვაზე იყო საუბარი, ნახევარი პარიზი გადაწვეს, რაშიც არაფერია საშინელი. მისივე თქმით, მატრაკვეცული მიტინგები შედეგს არ მოიტანს.
„საზოგადოებას პროტესტის მოცულობის ზრდის ულევი რესურსი აქვს. მარტში მიიღეს ისეთი პროტესტი, რომ მოუწიათ ამ კანონის უკან გაწვევა. არ ვამბობ, რაღაც უშველებელი გავაკეთოთ. უბრალოდ, იმ პროტესტის დროს იყო ბევრი ფი და ფუ, ვაი, პოლიციის მანქანა როგორ დაწვეს. დაწვეს ისე, როგორც წვავენ მილიონჯერ მეტ მანქანას და შენობებს მთელ ევროპაში. ვინ მოიგონა საერთოდ, რომ ევროპული პროტესტი მშვიდი და რაფინირებულია. იმ დღეებში ნახევარი პარიზი გადაწვეს პენსიების გამო. აუცილებლად გადაწვას კი არ ვამბობ, მაგრამ თუ მოხდა, ამაში არაფერია საშინელი, მატრაკვეცული მიტინგები და პროტესტი არაფერ შედეგს არ მოიტანს“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.