გივი მიქანაძის თავმჯდომარეობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის სხდომა გაიმართა
4-5 ივლისს ქალაქ ტირანაში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის თავმჯდომარეობით, ქვეკომიტეტის სხდომა გაიმართა.
ქვეკომიტეტის სხდომის წევრებს სიტყვით მიმართეს ალბანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ჰოლტა ზაჩაიმ, იუსტიციის მინისტრმა, ულსი მანიამ და ალბანეთის პარლამენტის წევრებმა.
ქვეკომიტეტის სხდომაზე განიხილეს რეიკიავიკის სამიტის შემდეგ ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობა, არსებული გამოწვევები და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზები. ყურადღება დაეთმო გადაწყვეტილებების ეროვნულ დონეზე აღსრულების ხელშემწყობი მექანიზმის – ქსელის შექმნას დეპუტატების მონაწილეობით.
განსაკუთრებული ფოკუსირება მოხდა რუსეთის ფედერაციის მიერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე. განიხილეს შესაძლებლობები, თუ როგორ უნდა მოხდეს ევროპის საბჭოდან გარიცხვის შემდეგ რუსეთის მხრიდან გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულება. ცალკე დისკუსია დაეთმო სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგის პროცესის გაძლიერებას.
ქვეკომიტეტის სხდომაში 11 ქვეყნიდან (გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, იტალია, ესპანეთი, კვიპროსი, პოლონეთი, რუმინეთი, ალბანეთი, თურქეთი, უკრაინა და საქართველო) 21 დეპუტატი იღებდა მონაწილეობას.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.