გივი მიქანაძე - ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან საზღვარი არ აქვს შეურაცხყოფას მათ მიმართ, ვინც გუშინ უმაღლეს დონეზე ჩაატარეს სპეცოპერაცია, ვფიქრობ, ამ ადამიანებს საჯაროდ ბოდიში აქვთ მოსახდელი
ზოგმა პირდაპირ ეთერში, ზოგმა ბრიფინგის მეშვეობით, ეს ფაქტი რაღაც დადგმულ სპექტაკლად შერაცხა, საზღვარი არ აქვს ამ ადამიანების მხრიდან დამაზიანებელ განცხადებებს მათ მიმართ, ვინც გუშინ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, უმაღლეს დონეზე ჩაატარა სპეცოპერაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით მიქანაძე ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე ოპოზიციონერი კოლეგების ნაწილის კომენტარებს გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, იმის ნაცვლად, რომ პროფესიონალ კადრებს მადლობა გადაუხადონ, მათ თავს ესხმიან. ამასთან, როგორც მიქანაძემ განაცხადა, აღნიშნული განცხადებების ავტორებს საჯაროდ ბოდიში აქვთ მოსახდელი ადამიანებს.
„გუშინდელი ფაქტიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მთელი საზოგადოება ვიზიარებთ იმ სიამაყეს, რომელიც ჩვენი პოლიციელების ქმედებიდან გამომდინარე არის, მაგრამ არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ზოგიერთი ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგის განცხადებას. ზოგმა პირდაპირ ეთერში, ზოგმა ბრიფინგის მეშვეობით, ეს ფაქტი რაღაც დადგმულ სპექტაკლად შერაცხა. უბრალოდ, საზღვარი არ აქვს ამ ადამიანების მხრიდან ამ დამაზიანებელ განცხადებებს და შეურაცხყოფას იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც გუშინ, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, უმაღლეს დონეზე ჩაატარეს სპეცოპერაცია, აბსოლუტურად ყოველგვარი უვნებლობის გარეშე თითოეული მძევალი გაათავისუფლეს და კრიმინალი დააკავეს. პირდაპირ ვიტყვი, ძალიან სამარცხვინოა, როდესაც, ვინც არ უნდა იყოს, ასეთ სიტუაციაში, ასეთ რაღაცას კადრულობს და იმის მაგივრად, რომ მადლობა გადაუხადოს იმ ადამიანებს, რომლებმაც გუშინ საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენეს, თუ რას ნიშნავს ძლიერი სამართალდამცავი სტრუქტურა, რას ნიშნავს პროფესიონალი კადრები სამართალდამცავ სტრუქტურაში, რომელთა იმედიც სახელმწიფოს აქვს, რომელთა იმედითაც ამ ქვეყანაში მშვიდობა და საზოგადოებრივი წესრიგია შენარჩუნებული, ამის ნაცვლად, შეურაცხყოფას აყენებენ და თავს ესხმიან. ვფიქრობ, ამ ადამიანებს საჯაროდ ბოდიში აქვთ მოსახდელი“, – განაცხადა მიქანაძემ.