გივი მიქანაძე - ზელენსკის განცხადება იმ ნარატივში ჯდება, რასაც რადიკალური ოპოზიცია ავრცელებს და სააკაშვილის ჯამმრთელობაზე პარტნიორებს არასწორ ინფორმაციას აწვდის
ზელენსკის განცხადება არის ერთგვარი ზეწოლისა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა. სხვა სახელმწიფოს ყველამ პატივი უნდა სცეს, მათ შორის სხვა სახელმწიფოს სასამართლოს და თითოეული ადამიანის უფლებების დაცვას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, კითხვებს იწვევს, როგორ იცლის უკრაინის პრეზიდენტი მსგავსი განცხადებების გასაკეთებლად.
„სამწუხაროა, მაგრამ, გარკვეულწილად, ეს განცხადება იმ ნარატივში ჯდება, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, გააღვივოს და გააფართოოს, რაც საფუძველს მოკლებულია, რადგან პატიმარი სააკაშვილის ჯანმრთელობა მაქსიმალურად დაცული და უზრუნველყოფილია. შესაბამისად, კითხვებს იწვევს ის გარემოება, რომ მაშინ, როცა უკრაინაში ასეთი მძიმე სიტუაციაა, პრეზიდენტი ასეთი განცხადების გაკეთებისთვის როგორ იცლის? ამ განცხადებას არანაირი რეალური საფუძველი არ აქვს. ეს განცხადება იმ ნარატივში ჯდება, რასაც რადიკალური ოპოზიცია ავრცელებს და მის ჯანმრთელობაზე პარტნიორებს არასწორ ინფორმაციას აწვდის. უკრაინული მხარის მიმართ კითხვები გვაქვს, სააკაშვილი საქართველოში რა ფორმით შემოვიდა? გამოძიება ჩაატარეს, სააკაშვილი კონტეინერში როგორ განთავსდა? მოხდა მისი ხელშეწყობა და ქვეყანაში შემოპარვა და ამის გამოძიება მოხდა?“ – განაცხადა მიქანაძემ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა: „მივმართავ საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, რაც ახლა სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, არ შეეფერება საქართველოს, გადაიყვანეთ უკრაინის, ევროპის ან ამერიკის კლინიკაში“.