გივი მიქანაძე - წელს 80-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი რეზოლუციას, ეს მიუთითებს, რომ ჩვენ საერთაშორისო დონეზე ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს
გაერო ყოველწლიურად იღებს შესაბამის რეზოლუციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადგილნაცვალ პირებთან მიმართებაში, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტია საერთაშორისო დონეზე – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
„გაერო არის ის საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს ყველა სუვერენულ ქვეყანას. იმის აღიარება ხდება, რომ ამ ადამიანებს იძულებით დაატოვებინეს თავისი ადგილსამყოფელი, რომ ისინი აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ. ყოველწლიურად იზრდება მხარდამჭერთა რიცხვი და წელს 80-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი საგარეო პოლიტიკის მოღვაწეობას. ასევე მიუთითებს იმას, რომ ჩვენ გვაქვს საერთაშორისო დონეზე ძალიან დიდი მხარდაჭერა დეოკუპაციის და ამ ადამიანების თავის კუთვნილ სახლებში დაბრუნებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიქანაძემ.
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია 17 ივნისს მიიღო.