გივი მიქანაძე - ვოიცეხ სავიცკისთან შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან საქართველოს პარლამენტის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელ კახაბერ კუჭავასთან და დელეგაციის წევრ გივი მიქანაძესთან ერთად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, ვოიცეხ სავიცკის შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის საკითხზე იმსჯელეს.
„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა და ჩართულობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არის ძალიან ღირებული, აქტიური და გამოკვეთილი. ამის ხაზგასმა არის ისიც, რომ ბატონი ირაკლი კობახიძე მეორე ვადით არჩეულ იქნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად. შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის ფორმატი და გამოითქვა მზადყოფნა იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს, გაძლიერდეს და ამ ურთიერთობებს საპარლამენტო დონეზე მეტი ეფექტიანობა და შედეგი ჰქონდეს“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა გივი მიქანაძემ.