გივი მიქანაძე - ვხედავთ, რომ ოპოზიციის შიგნითაც არის შეუთანხმებლობა, „ლელო“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ პირდაპირ უნდობლობას გამოხატავს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, პარტია „ლელოს“ ვერ წარმოუდგენია, ჩრდილოვან კაბინეტში ძალოვანი მინისტრების პოზიციები მისცეს წინა ხელისუფლებას და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ პირდაპირ უნდობლობას გამოხატავს.
აღნიშნული კომენტარით გივი მიქანაძე მამუკა ხაზარაძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.
რაც შეეხება თავად ჩრდილოვან კაბინეტს, მიქანაძის თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში ეს პრაქტიკა არსებობს, თუმცა მიაჩნია, რომ არასერიოზული წამოწყებაა და ოპოზიციის მხრიდან ამ მიმართულებით აქტიურობას შედეგი არ ექნება.
„ჯერ უნდა დათვალონ, რამდენი ხმა შეიძლება მოაგროვონ და შემდეგ გამოვიდნენ მსგავსი ინიციატივებით. რეალურად ვხედავთ, რომ ოპოზიციის შიგნითაც არის შეუთანხმებლობა. ამ ნაწილში ერთი პოზიტივი ის დავინახეთ, რომ „ლელოს“ ვერ წარმოუდგენია, ჩრდილოვან კაბინეტში ძალოვანი მინისტრების პოზიციები მისცეს წინა ხელისუფლებას და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ პირდაპირ უნდობლობას გამოხატავს. ეს არ გვიკვირს და გასაგებია, მაგრამ ისიც საინტერესოა, რომელ პორტფელს სთავაზობენ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელ მიმართულებაში ჰქონდათ დიდი წარმატება? რაც შეეხება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესს, ვიდრე ამას დაიწყებ, უნდა ნახო, რა შესაძლებლობები გაქვს და აგროვებ თუ არა ხმებს. სხვადასხვა ქვეყანაში ჩრდილოვანი კაბინეტის პრაქტიკა არის, თუმცა ეს არასერიოზული წამოწყებაა, საზოგადოება რწმუნდება, რომ ეს არის მოუმზადებელი და არაკოორდინირებული აქტიურობა, რასაც არანაირი შედეგი არ ექნება“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიციურმა ძალებმა უნდა გადადგან ქმედითი ნაბიჯები კოალიციის შესაქმნელად და საჭიროა, დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, ასევე პრემიერობის კანდიდატზე.
თუმცა, მისივე თქმით, დღესვე უნდა შეთანხმდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილი მომავალ მთავრობაში.