გივი მიქანაძე - ვხედავთ, რომ ნიკანორ მელია გირაოს დათანხმდა და თავის პრინციპებს კიდევ ერთხელ გადააბიჯა
ვხედავთ, რომ ნიკანორ მელია გირაოს დათანხმდა და თავის პრინციპებს კიდევ ერთხელ გადააბიჯა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმად, ნიკა მელიას გირაოს თანხა გადახდილია.
მიქანაძის განცხადებით, ამით ნიკა მელიას მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების სახე შეეცვალა, რასაც გამოძიების ძირითად პროცესთან კავშირი არ აქვს.
„მოგეხსენებათ,შარლ მიშელის დოკუმენტზე მსჯელობის დროს ევროკავშირის მხრიდან შემოთავაზებულ იქნა გირაოს გადახდის შესაძლებლობა, რათა ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული წინასწარი პატიმრობა შეცვლოდა და ის გარეთ გამოსულიყო, თუმცა რა თქმა უნდა ეს გამოძიების პროცესთან არაფერ შუაშია.
ამ თვეების მანძილზე ჩვენ ვხედავდით, რომ ნიკანორ მელია, მისი გუნდის წარმომადგენლები და გულშემატკივრები ერთხმად აცხადებდნენ, რომ მისთვის ნებისმიერი სახის გირაო მიუღებელი იყო და მეტიც, ის აცხადებდა, რომ ნებისმიერი პირს, ვინც მას ამ გირაოს გადაუხდიდა, ჩათვლიდა მტრად. რეალურად, დღეს ვხედავთ, რომ ნიკანორ მელია დათანხმდა ამ გირაოს და გარკვეულწილად ვხედავთ იმასაც, რომ თავის პრინციპებს კიდევ ერთხელ გადააბიჯა“, – განაცხადა მიქანაძემ.
დეპუტატის თქმით, ნიკა მელიას პოლიტპატიმრად წარმოჩენა მოგონილი თემაა.
„აბსოლუტურად მოგონილი თემაა. ეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმაც იციან და საზოგადოებაც დარწმუნდა, რომ ნიკა მელია არანაირი პოლიტპატიმარი არ არის. ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდა არაფერ შუაშია რაიმე მოგონილ სტატუსთან, რომლის დაფიქსირებასაც ნიკანორ მელია და მისი მხარდამჭერები ცდილობენ. ყველამ კარგად იცის, რისთვის არის დამძიმებული მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახე, მან სცადა, თავი კანონზე მაღლა დაეყენებინა. შექმნილი სიტუაციის ერთხელ და სამუდამოდ დასასრულებლად ევროკავშირმა გირაოს გადახდის მზაობა გამოთქვა.
ჩვენ ვრჩებით პასუხისმგბელობით იმ პროცესების მიმართ, რომელიც ვიკისრეთ 19 აპრილს ხელმოწერილ დოკუმენტთან მიმართებაში და რა უახლოეს პერიოდში მივიღებთ ამნისტიის კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც ნიკანორ მელია, ასევე, ყველა სხვა ადამიანი, რომელსაც ბრალი აქვს წაყენებული 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან“, – განაცხადა მიქანაძემ.