გივი მიქანაძე - ვინც კითხვებს სვამს, რატომ არის ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა, შეისწავლონ, დასავლეთის ქვეყნები როგორ ცდილობენ ასეთ ურთიერთობებს ჩინეთთან
დარწმუნებული ვარ, ჩინეთში ვიზიტები საქართველოსთვის, მისი შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და უახლოეს პერიოდში ამ ვიზიტების კონკრეტული შედეგები საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გახდება, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობა სტრატეგიულ პრიორიტეტს იძენს.
„ჩინეთი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის ქვეყანაა და იმ ფონზე, როცა საქართველო აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით დღითი დღე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა ხდება, როგორც საქონლის, ასევე ენერგორესურსების ტრანზიტის თვალსაზრისით, საქართველოს მიმართ ინტერესი იზრდება, მათ შორის, ისეთი დიდი ქვეყნების მხრიდან, როგორიცაა ჩინეთი. დარწმუნებული ვარ, ჩინეთში ვიზიტები საქართველოსთვის, მისი შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და უახლოეს პერიოდში ამ ვიზიტების კონკრეტული შედეგები საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გახდება. განსაკუთრებით, სხვადასხვა საერთაშორისო პროექტის განხორციელების ფორმატში. ჩინეთთან ანალოგიური პარტნიორული ურთიერთობები აქვს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია. გასულ წელს ევროკავშირის პირველი პირები ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში არაერთგზის იმყოფებოდნენ ჩინეთში – ამ შემთხვევაშიც კითხვის ნიშნები უნდა დავსვათ მათი ხედვების თაობაზე? საუბარია ორმხრივად მომგებიანი საერთაშორისო პროექტების განხორციელებაზე, რაც მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი პარტნიორი ჩინეთის რესპუბლიკისთვის. ვინც კითხვებს სვამს, თუ რატომ ხდება ჩინეთში ვიზიტები და ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა, შეისწავლონ, დასავლეთის ქვეყნები როგორ მიისწრაფვიან და მაქსიმალურად ცდილობენ ასეთ ურთიერთობებს ჩინეთთან. ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ვერ წარმომიდგენია, რომელიც იტყვის, რომ არ არის დაინტერესებული ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობით“, – განაცხადა მიქანაძემ.