გივი მიქანაძე - ვიმედოვნებთ, ოპონენტებს შორის არიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმას შეძლებენ
მოლაპარაკების რეჟიმში გახსნილი კარის პირობები გვაქვს დაანონსებული მუდმივად და მზად ვართ, ჩავერთოთ, ეს მოლაპარაკებები თუ იქნება კონსტრუქციულობაზე და სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მზად არიან როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში მიიღონ მონაწილეობა მოლაპარაკებების პროცესში.
„მზაობას გამოვთქვამთ. ველოდებით კონკრეტული პარტიებისგან შემოთავაზებას. ვიცით, რომ „გირჩი“ რაღაც შიდაპარტიულად იხილავს კონკრეტულ საკითხებს, რომლის გასაჯაროებასაც უახლოეს პერიოდში აპირებს. ცოტა არ იყოს გაიწელა ეს პროცესი და რაღაც გაუგებრად მიმდინარეობს. ესეთი რა ვერ ჩამოყალიბდნენ იმაზე, რომ კონკრეტული წინადადებები წარმოადგინონ. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენც ველოდებით, რომ ვნახოთ, რა არის მათი მხრიდან შემოთავაზება. დანარჩენი, რაც მოლაპარაკებებს ეხება, ჩვენ სრული მზაობა გვაქვს ამ ყველაფრის. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ეს უნდა იყოს კონსტრუქციულობაზე, ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული და ვიწროპარტიული ინტერესებიდან თავდახსნილი პროცესი ოპონენტების მხრიდან და რა თქმა უნდა, ულტიმატუმების ენით საუბარი შედეგამდე ვერ მიგვიყვანს“,- განაცხადა მიქანაძემ.
რაც შეეხება კითხვას, მოლაპარაკებებში საქართველოს პრეზიდენტის შესაძლო ცართულობის საკითხს, მიქანაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება მზადაა, მოლაპარაკებებში ნებისმიერი ფორმატით ჩაერთოს.
„ჩვენ ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ, ჩავერთოთ. ეს არის ჩვენი ქვეყნის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროცესი, რომ კონსტიტუციურ ფორმატში, ანუ საპარლამენტო საქმიანობაში აისახოს ჩვენი მოქალაქეების ის არჩევანი, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბერს დაფიქსირდა. თუმცა პირველივე ასეთი მცდელობა, როდესაც პრეზიდენტს სურდა და თხოვა ყველას, მის მიერ ორგანიზებულ მიღებაზე მისულიყვნენ, ჩვენ ვნახეთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბოლო მომენტში გადაიფიქრეს და ამ მიღებაზე არ მივიდნენ. ეს კიდევ ერთხელ ასახავს იმ რეალობას და დამოკიდებულებას, იმ დესტრუქციულ პოზიციას, რომელიც ოპოზიციის მხრიდან მომდინარეობს. თუმცა ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ოპონენტებს შორის არიან ისეთი პოლიტიკური სუბიექტები და პოლიტიკოსები, რომლებიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით შეძლებენ, რომ გადადგან კონსტრუქციული ნაბიჯები და ჩვენ პარლამენტში ორზე მეტი ოპოზიციური პარტია ვიხილოთ“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.