გივი მიქანაძე - ვენეციის კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნები მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არგუმენტირებულია და კონკრეტულ პოზიციებზეა ორიენტირებული
გივი მიქანაძე - ვენეციის კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნები მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არგუმენტირებულია და კონკრეტულ პოზიციებზეა ორიენტირებული

ვენეციის კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნები მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არგუმენტირებულია და კონკრეტულ პოზიციებზეა ორიენტირებული. როდესაც ადამიანები ჩამოდიან და გეუბნებიან, რომ ასეთი მოდელი არსად არსებობს, ჩვენ გვესმის, რომ თქვენ ისევ მოგიწევთ ექვსი თვით არჩევა. ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის პოზიციების დაახლოება ძალიან რთულია – გთავაზობენ ექვსთვიანი სისტემის შემოღებას, მაშინ როცა თვითონ ამბობენ, რომ ხუთი წლით არჩეული ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები ხარისხობრივად ბევრად უფრო დამოუკიდებელნი არიან, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მიქანაძის თქმით, როგორი პროფესიონალი და მიუკერძოებელიც არ უნდა იყოს კანდიდატი, თუ მას მხარს მმართველი გუნდი უჭერს, ოპოზიციისთვის მყისიერად მიუღებელი ხდება.

„ამ პრინციპებში ვენეციის კომისია აიხლართა და უბრალოდ დაწერა დასკვნაში – დაუბრუნდით იმ სისტემას, რომლმაც ორი წლის განმავლობაში, ყველამ ვნახეთ, აბსოლუტურად ვერანაირად ვერ გაამართლა და ჩიხურ პროცესში შეიყვანა მთელი საარჩევნო სისტემა. ამას დაემატა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან შემდგომი ნაბიჯები, რომელმაც ეს სისტემა საერთოდ დაასამარა და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება იმიტომ, რომ არჩევნები ახლოვდებოდა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, მმართველმა გუნდმა ახალი კანონმდებლობა მიიღო, რათა ცესკო სრულფასოვნად დაკომპლექტებულიყო, რაშიც, მისივე თქმით, ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია.

„ვენეციის კომისია გვთავაზობს, ჯერ ავირჩიოთ 2/3-ით, მერე 3/5-ით და შემდეგ ავირჩიოთ უბრალო უმრავლესობით მხოლოდ ექვსი თვის ვადით. ეს რომ ისევ ექვსთვიან რეჟიმზე გადავა, ამას კითხვის ნიშნის დასმაც არ უნდა და ორი აზრი არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ როგორი პროფესიონალი და მიუკერძოებელიც არ უნდა იყოს კანდიდატი, თუკი ის მმართველი გუნდის მიერ არის მხარდაჭერილი, ეს ადამიანი ოპოზიციისთვის მყისიერად მიუღებელია. მიუხედავად ამისა, ჩვენ შემოგვაქვს 3/5-ის სისტემა, რომელიც იძლევა დიალოგისა და კონსენსუსის პოვნის შესაძლებლობას. ადამიანი კონსტრუქციულად თუ მიუდგება, ობიექტურად და სამართლიანად შეაფასებს ადამიანებს, რომლებმაც ამ წლების განმავლობაში ეუთო/ოდირ-ისგან ძალიან მაღალი შეფასება და არაერთი საერთაშორისო პრიზი მიიღეს იმისთვის, რომ ქართული ცესკო მაღალი რანგის ადმინისტრირებით გამოირჩევა, მაშინ კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.