გივი მიქანაძე - ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსის ცვლილებების შესახებ ეუთო/ოდირ-თან ერთად მომზადებული ანგარიში დაამტკიცა
ვენეციის კომისიამ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან მიმართებაში ეუთო/ოდირ-თან (OSCE/ODIHR) ერთად წარდგენილი პირველადი ანგარიში შესწორებების გარეშე დაამტკიცა, – ამის შესახებ განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ, რომელმაც ვენეციის კომისიის 133-ე პლენარულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
მიქანაძემ ისაუბრა პოზიტიურ შეფასებებზე, რომელიც საკანონმდებლო პაკეტის არაერთი მიმართულებით გაკეთდა.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, საარჩევნო კანონმდებლობის გადასინჯვა მოხდა ამ ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე, რის თაობაზეც ვენეციის კომისიის წევრებმა და დამსწრე ექსპერტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
„საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ფორმატში, 7 დეკემბერს დასკვნა დეტალურად განვიხილეთ. 8 დეკემბერს კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოვისმინეთ, სადაც ყველა პოლიტიკური სუბიექტი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ განხილვას. პარალელურ რეჟიმში ვაწარმოეთ მოლაპარაკებები პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ამ სამუშაო ჯგუფში და არაერთ მნიშვნელოვან ცვლილებაზე პოზიციების შეჯერებაც მოხდა, რაც დამატებით აისახა მეორე მოსმენის კანონპროექტში. გუშინ პარლამენტმა, ფართო კონსენსუსით, ბევრი ოპოზიციური პარტიისა და დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერით, მეორე მოსმენით ცვლილებების ეს პროექტი მიიღო. ვენეციის კომისიის სხდომაზე დეტალურად გავამახვილე ყურადღება ყველა იმ რეკომენდაციაზე, რომელიც ამ ანგარიშიდან მეორე მოსმენის პროექტში აისახა და, შესაბამისად, კომისიის წევრებს დეტალურად გავაცანი, თუ როგორ წარიმართა ეს პროცესი თავიდან ბოლომდე“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.