გივი მიქანაძე - ვცდილობთ, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლატფორმა გამოვიყენოთ, რათა პარტნიორებს ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოში წინ გადადგმული ნაბიჯების, რეფორმების შესახებ
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა არის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა, რომელიც აერთიანებს როგორც ნატო-ს წევრი, ასევე ასპირანტი ქვეყნების პარლამენტის წარმომადგენლებს, მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს პლატფორმა გამოვიყენოთ, რათა საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ ვაცნობოთ ჩვენს პარტნიორებს, – ამის შესახებ გივი მიქანაძემ საქართველოს პირველ არხს კოპენჰაგენში განუცხადა, სადაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიურ სესიაში მონაწილეობს.
მისივე თმით, ეს რეფორმები მნიშვნელოვანი არის ნატო-სთვის.
„ჩვენი დელეგაციის ვიზიტიც არის ხაზგასმა, რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს პლატფორმა, რამდენად აქტიურად ვართ ჩართული და ვმონაწილეობთ. ჩვენი აქტიური მონაწილეობით როგორც სხვადასხვა კომიტეტებზე, ასევე პლენარულ სხდომაში გვექნება შესაძლებლობა, არაერთი ორმხრივი შეხვედრა გავამართოთ ნატო-ს წევრ ქვეყნების პარლამენტის წევრებთან, მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რა წინ გადადგმულ ნაბიჯებია საქართველოში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც ნატო-ს წევრი ბევრი ქვეყანა ამავდროულად არის ევროკავშირის წევრი და ვიცით, რომ რამდენიმე კვირაში ევროკომისიამ უნდა დადოს 12 პუნქტის შესრულების შესახებ დასკვნა, ხოლო დეკემბრის შუა რიცხვებში ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მსგავსი პლატფორმები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ამ ეტაპზე და ვცდილობთ, ყველა ფორმატი გამოვიყენოთ. ამასთანავე, გვექნება საუბარი იმ საკითხებზე, რაც დაკავშირებულია გაზრდილ რისკებთან უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე საკითხებზე, რაც უკავშირდება შავი ზღვის უსაფრთხოებას და საქართველოს მონაწილეობას. ყველა ეს თემა მაღალი ტრიბუნიდან ჩვენი დელეგაციის წევრების მიერ გაჟღერდება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.