გივი მიქანაძე - თინა ხიდაშელისგან ანტიჩინური განცხადებები გასაკვირი არ არის, რადგან ტაივანიდან მიღებული დაფინანსება რაღაცით უნდა გაამართლოს
გივი მიქანაძე - თინა ხიდაშელისგან ანტიჩინური განცხადებები გასაკვირი არ არის, რადგან ტაივანიდან მიღებული დაფინანსება რაღაცით უნდა გაამართლოს

ტაივანის მხრიდან დაფინანსებული ორგანიზაციის კვლევები რომ მიზანმიმართული და ანტიჩინურ კამპანიაზე ორიენტირებული იქნება, მგონი, გასაკვირი არ არის, ამიტომ უფრო ლოგიკურია, თინა ხიდაშელის მხრიდან მსგავსი განცხადებები მოვისმინოთ, ვიდრე ის გაჩუმდეს, რადგან დაფინანსება, რომელსაც ტაივანიდან იღებს, რაღაცით უნდა გაამართლოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მიქანაძეს კითხვა დაუსვეს თინა ხიდაშელისა და პოლონელი ანალიტიკოსის, მარჩილ პჩიხოდნიაკის მოსაზრებების შესახებ.

მიქანაძის თქმით, ფაქტია, რომ ევროკავშირი, ევროპელი ლიდერები და ამერიკა ცდილობენ, რომ ჩინეთთან, განსაკუთრებით ეკონომიკური თვალსაზრისით, თანამშრომლობა ჰქონდეთ.

„ჩინეთი არის ეკონომიკის კონტექსტში მსოფლიო გიგანტი. ამ თვალსაზრისით, საქართველოს მხრიდან დიდ მიღწევად უნდა ჩაითვალოს სტრატეგიული პარტნიორობა, რასაც უკვე კონკრეტული შედეგები და უფრო მეტი დაინტერესება აქვს ჩინელი ინვესტორების მხრიდან საქართველოში შემდეგი ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით. ეს იმ სტრატეგიულ პოზიციებს არ ცვლის, რომელიც ქვეყანას აღებული აქვს მთავარ მიზნად და, რომლისკენაც კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, ეს არის ევროკავშირში გაწევრიანება. მათი მცდელობაა, რომ საზოგადოებაში რაღაც აღქმები შექმნან, თითქოს საქართველო ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობით ევროკავშირთან ურთიერთობაზე უარს ამბობს, მაშინ როცა ევროკავშირის პირველი პირები – ეს იქნება ფონ დერ ლაიენი, მიშელი, ბორელი, მაკრონი თუ შოლცი – ჩინეთში ჩასული იყვნენ და მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ურთიერთობების გაღრმავებაზე. უფრო მეტიც, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია შუა კორიდორის პრინციპი, რომლითაც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ენერგორესურსების გადაზიდვა უნდა ხდებოდეს და აქ საქართველო, აზერბაიჯანთან ერთად, მნიშვნელოვანი პარტნიორია. ამიტომ, მსგავსი განცხადებები მცდელობაა, რომ ეს ურთიერთობები დააზიანონ, თუმცა ვერანაირ ზიანს ვერ მოუტანენ. ისინი კიდევ ერთხელ თავის იდენტიფიცირებას, ლუსტრაციას ახდენენ“, – განაცხადა მიქანაძემ.