გივი მიქანაძე - სტრასბურგის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ სახელმწიფო და სამედიცინო დაწესებულება ყველაფერს აკეთებენ, რათა სააკაშვილის უფლებები სრულფასოვნად იყოს უზრუნველყოფილი
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფო და კონკრეტული სამედიცინო დაწესებულება ყველაფერს აკეთებენ, რათა მსჯავრდებული სააკაშვილის უფლებები სრულფასოვნად იყოს უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ცალსახაა, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა სპეკულაციურ განცხადებებს თვეები აკეთებდა და ამის მხარდაჭერას ახდენდნენ რიგი ევროპელი ლობისტი პოლიტიკოსები.
„აღმოჩნდა, რომ ყველაფერი აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო. ამას ჩვენ აქამდეც ვამბობდით, თუმცა ახლა ერთ-ერთმა ყველაზე უზენაესმა მართლმსაჯულების ორგანომ დაადასტურა, რომ სააკაშვილის სხვა ქვეყანაში გადაყვანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ამ ფეიკკამპანიამ და ფეიკლობისტურმა აბსურდულმა განცხადებებმა ის გარემოება მოიტანა, რომ ქვეყანა რეპუტაციულად დააზიანა. ჩვენ ვნახეთ, როგორც ევროპარლამენტის, ასევე ევროსაბჭოს გარკვეულ რეზოლუციებში პირდაპირ აისახა სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხები და ძალიან გვაინტერესებს ჩვენი ევროპელი კოლეგების პოზიცია, ვინც განცხადებებს აკეთებდნენ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, მის ე.წ. წამებასა და ვითომ მოწამვლაზე. რა პასუხს გასცემენ ევროპულ სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ? ან უნდა თქვან, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი შეაქვთ, ან საჯაროდ ბოდიში მოიხადონ, რომ საქართველოს რეპუტაციულად აზიანებდნენ და აკეთებდნენ არა მხოლოდ განცხადებებს, არამედ ამ საკითხებს რეზოლუციებში წერდნენ და ეს ნეგატიურად აისახებოდა ჩვენს ქვეყანაზე“, – განაცხადა მიქანაძემ.