განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე სომხეთის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს, სისაკ გაბრიელიანს და კომიტეტის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაძლიერებისა და დარგობრივ კომიტეტებს შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით თანამშრომლობაზე.
გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს საქართველოს ზოგადი განათლებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.
შეხვედრას საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშოტ სმბატიანი ესწრებოდა“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.