გივი მიქანაძე სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით სომხეთში იმყოფება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ჟანა ანდრეასიანს და მინისტრის მოადგილეებს შეხვდნენ.
„შეხვედრაზე განათლების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უმაღლეს და პროფესიულ განათლებაზე, ასევე, ახალგაზრდობის საკითხებზე. მხარეებმა ერთობლივი ფორუმების მოწყობის და გაცვლითი პროგრამების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს.
გივი მიქანაძემ მინისტრს საქართველოსა და სომხეთის საპარლამენტო კომიტეტებს შორის თანამშრომლობის ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც დელეგაციის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება. ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის მიზანია ორი ქვეყნის პარლამენტებსა და დარგობრივ კომიტეტებს შორის ურთიერთობის გაღრმავება და საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება.
მინისტრმა, თავის მხრივ, თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოხატა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და კომიტეტის წევრები: ვლადიმერ კახაძე და ვახტანგ მეგრელიშვილი“,- აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.