გივი მიქანაძე - „სირცხვილიას“ მიმართ ორკესტრირებული კამპანია იყო, ბულინგის შედეგად აიძულეს, კანონს არ დამორჩილებოდნენ, ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ ჯგუფის სახეს, ვისაც გამჭვირვალობა არ აწყობს
ერთ დღეში ორგანიზაცია „სირცხვილია“ ზოგმა დატოვა, ზოგი – გაემიჯნა. ვინც დარჩა, ბულინგს ვერ გაუძლო და გადაწყვეტილება მიიღეს, არ დარეგისტრირდნენ, რაც წარმოაჩენს იმ ჯგუფის რეალურ სახეს, ვისაც გამჭვირვალობა არ აწყობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მიქანაძის თქმით, „სირცხვილიას“ მიმართ ორკესტრირებული კამპანია იყო და ბულინგის შედეგად აიძულეს, კანონს არ დამორჩილებოდნენ.
„კიდევ ერთხელ ვნახეთ, რა იდეოლოგიას ეწევიან ის ძალები, რომლებიც კონსოლიდირებულად ცდილობენ, საზოგადოება სიცრუეში შეიყვანონ და მათ წინაშე ანგარიშვალდებული არ იყვნენ. „სირცხვილიას“ მიმართ ორკესტრირებული კამპანია იყო, რომელიც საჯაროს მიღმა კიდევ უფრო მეტი სიმძლავრით წარიმართა ამ ორგანიზაციისა და მისი წევრების წინააღმდეგ. ისინი ამ ბულინგის შედეგად აიძულეს, კანონს არ დამორჩილებოდნენ. ამ ადამიანებს პრეტენზია აქვთ ადამიანის უფლებების მაღალ სტანდარტზე, კანონის პატივისცემასა და მისი უზენაესობის განხორციელებაზე. ეს ორგანიზაცია ერთ დღეში ზოგმა დატოვა, ზოგი გაემიჯნა. ვინც დარჩა, მათ ბულინგს ვერ გაუძლო და გადაწყვეტილება მიიღეს, არ დარეგისტრირდნენ, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ ჯგუფის რეალურ სახეს, ვისაც გამჭვირვალობა არ აწყობს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ცნობისთვის, მოძრაობა „სირცხვილიამ“ 30 აგვისტოს გაავრცელა ვიდეორგოლი, სადაც ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს, რომ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდებოდნენ. ვიდეორგოლი ორგანიზაციის ფეისბუქგვერდზე აღარ იძებნება. 31 აგვისტოს კი მოძრაობა „სირცხვილიამ“ გაავრცელა განცხადება, რომ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილებას აუქმებს და მუშაობას ახალი ხელმძღვანელით განაგრძობს.