გივი მიქანაძე - შვიდი ევროპარლამენტარის განცხადება მთლიანი ევროპარლამენტის პოზიციას არ წარმოადგენს
გივი მიქანაძე - შვიდი ევროპარლამენტარის განცხადება მთლიანი ევროპარლამენტის პოზიციას არ წარმოადგენს
შვიდი ევროპარლამენტარის განცხადება მთლიანი ევროპარლამენტის პოზიციას არ წარმოადგენს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ევროპარლამენტარების განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ შვიდი ევროპარლამენტარის მიერ გაჟღერებული გზავნილები არ განხორციელდება, რადგან პარტნიორებს აქვთ ინფორმაცია, რეალურად რა მოხდა ოპოზიციასთან მოლაპარაკების დროს.

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის შვიდი ევროპარლამენტარის განცხადება და ევროპარლამენტის მთლიანი პოზიციას არ წარმოადგენს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ფინანსურ სანქციებს ევროპარლამენტი არ აწესებს. ამაზე გადაწყვეტილებას ევროკომისია იღებს. ორი კვირის წინ ყველაზე მაღალი რანგის ფორმატში, პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. სწორედ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან ძალიან მაღალი შეფასება მიეცა რეფორმებს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით ატარებს. შესაბამისად, არანაირი კითხვის ნიშანი არ გამოთქმულა. რა თქმა უნდა, ევროპარლამენტარების პოზიცია ჩვენთვის საყურადღებოა, თუმცა ისინი მთლიანად ევროპარლამენტის პოზიციას არ გამოხატავენ.

დარწმუნებული ვართ, განცხადება, რომელიც ევროპარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა გააკეთა, არ განხორციელდება. ევროპული სტრუქტურების მაღალი დონის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია გვაქვს, რომელთაც აქვთ ინფორმაცია როგორც ჩვენგან, ასევე მედიატორისგან, რა მოხდა მოლაპარაკებების დროს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტარების განცხადებას რადიკალური ოპოზიცია სიხარულით შეეგება.

„ეს ადასტურებს, რომ მათი დღის წესრიგია მოლაპარაკებები არ შედგეს და ფიქრობენ, რომ გარკვეული საერთაშორისო ინტერვენციებით რევოლუციურ სცენარს შეუწყობენ ხელს. ოპოზიცია ვიწროპარტიული ინტერესებიდან თუ გამოვა, ჩვენი სრული მზაობაა, მოლაპარაკებები გაგრძელდეს როგორც ინდივიდუალურ, ასევე ფართო ფორმატში. მაქსიმალურად მზად ვართ, განვიხილოთ კონსტრუქციული წინადადებები და მივაღწიოთ საბოლოო შეთანხმებას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ევროპარლამენტარები გავრცელებულ განცხადებაში საქართველოში პარტიების შეუთანხმებლობის გამო იმედგაცრუებას გამოთქვამენ და ფინანსური დახმარების შეჩერებას არ გამორიცხავენ.