გივი მიქანაძე - შსს არის ძალიან წარმატებული, რომელსაც ჰყავს ღირსეული ხელმძღვანელი და ეს არის ერთ მუშტად შეკრული ოჯახი
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ძალიან წარმატებული, რომელსაც ჰყავს ღირსეული ხელმძღვანელი და ეს არის ერთ მუშტად შეკრული ოჯახი, რომელიც 24 საათის განმავლობაში ორიენტირებულია, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა, წესრიგი და უსაფრთხოება, – ამის შესახებ დეპუტატმა გივი მიქანაძემ განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.
გივი მიქანაძემ თავის გამოსვლაში პარლამენტსა და სამინისტროს შორის არსებულ აქტიურ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება.
„სამინისტროს მხრიდან ინიცირებული 15 და სამინისტროს ჩართულობით მომზადებული ოთხი კანონპროექტი იქნა მიღებული პარლამენტის მიერ, რამაც სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო მეტად დაარეგულირა ის საკითხები, რაც საზოგადოებრივი წესრიგისთვის არის უმნიშვნელოვანესი“, – აღნიშნა დეპუტატმა.
გივი მიქანაძემ ასევე ისაუბრა დანაშაულების შემცირებულ სტატისტიკაზე.
„შემცირებულია ისეთი დანაშაულების მაჩვენებლები, როგორებიც არის მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ყაჩაღობა, ოჯახში ძალადობა. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ისეთი დანაშაულების გახსნა, როგორებიცაა მკვლელობის მცდელობა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, გაუპატიურება, ოჯახში ძალადობა, ქურდობა, ნარკოტიკული დანაშაული“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მიქანაძემ მადლობა გადაუხადა ვახტანგ გომელაურს და პოლიციელებს გაწეული საქმიანობისთვის.
„თქვენი წარმატება არის ამ ქვეყნის წარმატება. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თავდაუზოგავი შრომისთვის თქვენ, ბატონო მინისტრო, და თითოეულ პოლიციელს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.