გივი მიქანაძე - შეზღუდვები ძალაში შევიდა, ნებისმიერი, ვინც არ დაემორჩილება, სანქცირებული იქნება, ორმაგი სტანდარტი არ არსებობს
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას დაარღვევს, დაჯარიმდება.
მისივე თქმით, აღნიშნული შეზღუდვა არ არის კომენდანტის საათი.
„ეს არ არის კომენდანტის საათი. ეს არის გარკვეული დროით გადაადგილების შეზღუდვა კონკრეტულ ტერიტორიაზე და არა ქვეყნის მასშტაბით. ადამიანების არანაირი გატაცება არ ხდება, რეაგირება ხდება იმ პროვოკაციულ ღონისძიებებზე, რომელსაც კონკრეტული აქტივისტების, დესტრუქციული ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან ადგილი ჰქონდა. პოლიციამ მათ კანონმდებლობის ფარგლებში მაქსიმალურად აუხსნა, თუ რა იყო დასაშვები და კანონმდებლობა რას კრძალავდა. პოლიციის უფლებამოსილებაა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. პოლიციამ იმოქმედა კანონმდებლობის ჩარჩოებში. 10:00 საათიდან შეზღუდვები ძალაში შევიდა და არანაირი ორმაგი სტანდარტი არ არსებობს. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამას არ დაემორჩილება, სანქცირებული იქნება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.