გივი მიქანაძე - საარჩევნო კოდექსის რევიზიასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფში „სამართლიანი არჩევნები“ არ მოვიწვიეთ, რადგან პროცესში ჩართული ორგანიზაციები უნდა ინარჩუნებდნენ ნეიტრალიტეტს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის გაცხადებით, პარლამენტში საარჩევნო კოდექსის რევიზიასთან დაკავშირებული ჯგუფი მუშაობას იწყებს.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ამ ჯგუფის მიზანია, რომ მოხდეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის რევიზია ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.
„მმართველი გუნდის თავმჯდომარემ წარადგინა კონკრეტული გეგმა, 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელიც გაწერილია კონკრეტული ვადებით, პასუხისმგებელი კომიტეტებით, ასევე გაწერილი არის ვადების კუთხით, როდის უნდა დაინიცირდეს კონკრეტული კანონპროექტები და რა ვადაში იქნება მიღებული. ჩვენი მიზანი არის, რომ მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე 12-ივე პუნქტთან დაკავშირებული საკითხები იქნას ბოლომდე მიყვანილი და განხორციელებული. ამ მიზნით, პარლამენტს არ გაუჩერებია მუშაობა საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ. უკვე 30-ზე მეტი შეხვედრა ჩატარდა სხვადასხვა ჯგუფებში, გვაქვს კონკრეტული შედეგები და ეს პროცესი საზოგადოებისთვის არის თვალნათელი.
დღეს ვიწყებთ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფის საქმიანობას. ეს არის საარჩევნო კოდექსის რევიზიასთან დაკავშირებული ჯგუფის პირველი სხდომა, რომელიც დღეს იმართება. ამ ჯგუფის მიზანია, რომ მოხდეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის რევიზია ეუთო/დირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე. მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი ნაწილი ამ რეკომენდაციებისა ჩვენ მიერ შესრულებული არის და გასულ წელს პარლამენტში მუშაობდა მრავალპარტიული სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ექსპერტებიც იყვნენ ჩართულები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც. ჩვენ გასულ წელს საგაზაფხულო სესიის ბოლოს დავამტკიცეთ ძალიან დიდი პაკეტი საკანონმდებლო ცვლილებებისა, რომლებიც ასახავდა იმ რეკომენდაციებს, რომელიც ამ ორი მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო რეკომენდაციებში იყო ასახული. მიუხედავად ამისა, რადგანაც ჩვენ მივიღეთ ეს რეკომენდაცია, შევქმენით ჯგუფი, რომელიც იურიდიული კომიტეტის ფორმატში განახორციელებს თავის საქმიანობას.
დღეს გვაქვს ამ ჯგუფის პირველი შეხვედრა, რომლისთვისაც იურიდიული კომიტეტის აპარატის მიერ მომზადდა კონკრეტული დოკუმენტი. საკითხები განიხილება პროცესში ჩართული ოპოზიციის წევრებთან და ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად“, – განაცხადა მიქანაძემ.
მისივე თქმით, დღეს ჩატარდება პირველი სხდომა, ხოლო 25 აგვისტოს მეორე სხდომა, სადაც უკვე შესაძლებლობა იქნება კონკრეტული წინადადებების წარდგენა ჯგუფის წევრების მხრიდან, რის შემდეგაც დაიწყებს კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადებას, რომელიც სექტემბრის შუა რიცხვებისთვის იქნება მზად.
„ეს პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე, ამ პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა არაერთმა საერთაშორისო თუ ადგილობრივმა ორგანიზაციამ, საელჩოებმა.
რაც შეეხება შემადგენლობას, წარმოდგენილი არის უმრავლესობის ოთხი, ოპოზიციის ოთხი წარმომადგენელი, კერძოდ – „გირჩის“, „ევროპელი სოციალისტების“, „მოქალაქეებისა“ და პარტია „საქართველოს“ წარმომადგენლები, რომელთაც ფრაქცია და პოლიტიკური ჯგუფი არ აქვთ. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნები“. მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმის ჯგუფს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ამ პროცესში ჩართულობა არის სრულიად მიუღებელი, მათი მხრიდან მოხდა მაინც ამ ორგანიზაციის წარმოდგენა.
მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „სამართლიანი არჩევნები“ არ მოვიწვიეთ ამ სხდომაზე. ამას აქვს თავისი საფუძველი და საფუძველი მდგომარეობს იმაში, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არიან ჩართული ამ პროცესში, შეიძლება ჩაერთონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ისინი ინარჩუნებენ ნეიტრალიტეტს. „სამართლიანმა არჩევნებმა“ ეს ნეიტრალიტეტი დაკარგა, როდესაც ბოლო შეკრების დროს შეუერთდნენ მოთხოვნას, პრემიერ-მინისტრის, მთავრობის გადაყენების თაობაზე, ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებასა და ამ პროცესში მონაწილეობას. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ როტაციული პრინციპით სხვადასხვა შეხვედრებზე სხვადასხვა ორგანიზაციები მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენი სამუშაო ჯგუფის კარი კი ღიაა ნებისმიერი ნეიტრალური არასამთავრობო ორგანიზაციისთვის და მივიჩნევთ, რომ მათი მონაწილეობა ძალიან ღირებულია ამ პროცესისთვისაც“, – განაცხადა მიქანაძემ.