გივი მიქანაძე - საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით ველოდებით ეუთო-ს დასკვნას, ამის შემდეგ სამუშაო ჯგუფში მოხდება საკითხის განხილვა
საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით ველოდებით ეუთო/ოდირის დასკვნას, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში უნდა გამოიგზავნოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, მაისის თვეში უკვე უნდა დაიწყოს საარჩევნო კანონმდებლობის პაკეტზე მუშაობა.
„ველოდებით ეუთო/ოდირის დასკვნას, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში უნდა გამოიგზავნოს. სამუშაო ჯგუფის ფორმატში ეს წინადადებები და რეკომენდაციები იქნება განხილული. გვაქვს გეგმა, რომ მაისის თვეში უკვე დავიწყოთ პარლამენტში საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობა. ჩვენ დღემდე არ მიგვიღია დასკვნა და გამომდინარე იქიდან, რომ გვინდა, ეს პაკეტი იყოს მაქსიმალურად სრულყოფილი, სწორედ ამიტომ მოხდა ამის გადაწევა. ეს კანონმდებლობა არ იქნება მიღებული უმოკლეს ვადებში. როგორც კი დასკვნა გამოქვეყნდება, სამუშაო ჯგუფი განიხილავს და რა თქმა უნდა, უმოკლეს ვადებში მოხდება საბოლოო პოზიციების შეჯერება, ამის შემდეგ კი დარეგისტრირდება პარლამენტში და მოხდება მისი მიღება“, – განაცხადა მიქანაძემ.
საარჩევნო რეფორმის პაკეტი ეუთო/ოდირს დასკვნისთვის და შეფასებისთვის 9 მარტს გადაეგზავნა.