გივი მიქანაძე - რუსეთის მხრიდან არის მცდელობა, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია გამოიყენოს სამხედრო დანიშნულებით, რაც მიუღებელია და ვგმობთ
გივი მიქანაძე - რუსეთის მხრიდან არის მცდელობა, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია გამოიყენოს სამხედრო დანიშნულებით, რაც მიუღებელია და ვგმობთ

რუსეთის მხრიდან არის მცდელობა, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია გამოიყენოს სწორედაც რომ სამხედრო დანიშნულებით, რაც მიუღებელია და ვგმობთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზირების ახალი მუდმივი პუნქტის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მიქანაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ნატო-ს გენერალური ასამბლეის პლატფორმას გამოიყენებენ, რათა აღნიშნულ საკითხზე პარტნიორების ყურადღება გაამახვილონ.

„საქართველო არის ნატო-ს ღირებული და სანდო პარტნიორი, რაც წლების განმავლობაში დამტკიცდა. გვაქვს ძალიან მაღალი სტანდარტის აქტიური თანამშრომლობა ნატო-სთან, რასაც ჩვენი საზოგადოება ხედავს და ნატო-ს წევრი ქვეყნები, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ხაზგასმით აღნიშნავენ ყველა ფორმატის კონტექსტში. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია გლობალური თვალთახედვით, მით უმეტეს, როდესაც სახეზე გვაქვს რუსეთის აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია, მიმდინარეობს და აქ შავი ზღვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ასევე, შავ ზღვაზე ჩვენ გვყავს ნატო-ს სამი წევრი ქვეყანა – თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, და ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის მხრიდან არის მცდელობა, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია გამოიყენოს სამხედრო დანიშნულების თვალსაზრისით, რაც მიუღებელია და ვგმობთ. ეს პლატფორმაც გამოყენებული იქნება, რათა ჩვენი პარტნიორების ყურადღება მაქსიმალურად გავამახვილოთ ამ საკითხზე. ასევე, ყურადღება ფოკუსირებული იყოს იმაზე, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს არის გლობალური პრობლემა, მით უმეტეს, იმ გამოწვევების წინაშე, რაც რეგიონში დგას და, ზოგადად, მსოფლიოში უსაფრთხოების თვალსაზრისით, მიმდინარე აგრესიის ფონზე. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იქნება უფრო მეტი მხარდაჭერა, პარტნიორობა, თანამშრომლობა საქართველოს უსაფრთხოების გაზრდის თვალსაზრისით. ეს შეხვედრა, ეს პლატფორმა მოგვცემს შესაძლებლობას, უფრო მეტი ნაბიჯი გადავდგათ როგორც საპარლამენტო ასამბლეის კონტექსტში, ასევე ორმხრივი ფორმატების თვალსაზრისით“, – აღნიშნა მიქანაძემ.

რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში, შავი ზღვის სანაპიროზე სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზირების ახალი მუდმივი პუნქტის შექმნას გეგმავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: „შეშფოთებას გამოთქვამთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი ბაზის განლაგებისა და რუსეთის ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ განცხადებებთან დაკავშირებით“.