გივი მიქანაძე - რადიკალურმა ოპოზიციამ სრული კრახი განიცადა
გივი მიქანაძე - რადიკალურმა ოპოზიციამ სრული კრახი განიცადა

მართალია, ოპოზიცია ცდილობს, დააკნინოს უმრავლესობის საპარლამენტო საქმიანობა, მაგრამ საზოგადოება ხედავს და გრძნობს იმ ხელშესახებ შედეგებს, რაც პარლამენტის საქმიანობიდან გამომდინარეა. შემდეგ არ უნდა გაგიკვირდეთ ის შედეგები, რაც გასულ კვირას „გორბის“ სოციოლოგიური კვლევით გამოვლინდა, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, კვლევის ძირითადი მონაცემებით, ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მეტად რესპონდენტები საქართველოს მთავრობას ენდობიან (62%-იანი მხარდაჭერა); არასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა გაიზარდა და 53% შეადგინა, რესპოდენტთა 82% სრულად იზიარებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, არ მოხდეს საქართველოს ჩართვა ომში.

„ყველა ეს მონაცემი მიუთითებს ერთ მთავარზე, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ განიცადა სრული კრახი. მიზეზი ამისი თვალსაჩინოა: რადიკალური ოპოზიცია დაუპირისპირდა ქვეყანას, საკუთარ ხალხს, რამეთუ ითხოვს სანქციებს საკუთარი ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ. „გორბის“ კვლევამ და ორიოდე კვირის წინ ჩატარებულმა შუალედურმა არჩევნებმა ცალსახად წარმოაჩინა, თუ რა სურს ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს და ვის უცხადებს ნდობას. დიახ, ის მხარდაჭერა, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხრიდან, შედეგია ეროვნულ ინტერესებზე, ჩვენს სახელმწიფოსა და საზოგადოებაზე, თითოეულ მოქალაქეზე ორიენტირებული პრაგმატული პოლიტიკისა, რომლის მიზანიც ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური წინსვლის უზრუნველყოფა და ღირსებით ევროპული ოჯახში ინტეგრაცია წარმოადგენს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.