გივი მიქანაძე - რადიკალური ოპოზიციური დაჯგუფების მხრიდან მიმდინარეობს ოპოზიციური პარტიების ბულინგი, თურმე ვინც პარლამენტში შევა, მისთვის პოლიტიკური კარიერა დასრულებულია
გივი მიქანაძე - რადიკალური ოპოზიციური დაჯგუფების მხრიდან მიმდინარეობს ოპოზიციური პარტიების ბულინგი, თურმე ვინც პარლამენტში შევა, მისთვის პოლიტიკური კარიერა დასრულებულია

რადიკალური ოპოზიციური დაჯგუფებისა და ტელევიზიების ლიდერების მხრიდან მიმდინარეობს ოპოზიციური პარტიების ბულინგი. მორალურ საკითხებზე აქცენტირება ხდება, რომ თურმე, ვინმე პარლამენტში თუ შევა, მისთვის პოლიტიკური კარიერა დასრულებულია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი მოლაპარაკების მეხუთე რაუნდში მონაწილეობაზე მზაობას გამოთქვამს.

გივი მიქანაძემ იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და პარლამენტის პირველ სხდომას დაესწრება.

„ჩვენ მიერ წარდგენილი წინადადებები არის კონსტრუქციულ რეჟიმსა და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული. აქ არანაირი შანტაჟი არ ყოფილა. ეს ის რეალობაა, რომელიც პირველ რიგში, გამოწვეულია იმით, რომ პატივი უნდა ვცეთ ამომრჩევლის არჩევანს. თუ ოპოზიციას სურს, რომ თავისი ამომრჩევლის ინტერესები დაიცვას და ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯები გადადგას, პარლამენტში უნდა შემოვიდეს და იმ ადამიანების ინტერესები წარმოადგინოს, ვისაც პანდემიის პირობებში არ დაეზარა და მათ ხმა მისცა. მმართველი გუნდის მზაობაა, რომ მეხუთე რაუნდზე მონაწილეობა მივიღოთ. ოპოზიციის განცხადებები ნიშნავს იმას, რომ მათ არ სურთ, შეთავაზება კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიტანონ და თანამშრომლობა წარიმართოს, რათა შედეგი მივიღოთ.

რაუნდები რომელიც ჩატარდა, გარკვეული ოპტიმიზმის საშუალებას იძლეოდა, თუმცა ისიც დავინახეთ, რადიკალური ოპოზიციური დაჯგუფებებისა და ტელევიზიების ლიდერების მხრიდან როგორ მიმდინარეობს ოპოზიციური პარტიების ბულინგი. ხდება მორალურ საკითხებზე აქცენტირება, რომ თურმე, ვინმე პარლამენტში თუ შევა, მისთვის პოლიტიკური კარიერა დასრულებულია. შანტაჟის ენა რადიკალური ოპოზიცისგან მომდინარეობს. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ პარტიების ნაწილი მაინც მიიღებს პასუხისმგებლიან გადწყვეტილებას და პირველ სხდომას დაესწრება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

გივი მიქანაძე აცხადებს, რომ პარლამენტის პირველი სხდომის გამართვა მოლაპარაკებების გაჩერებას არ ნიშნავს.

„მმართველი გუნდი არაფერშუაშია, რომ მეხუთე რაუნდი არ გაიმართა, პირიქით, ჩანიშვნას ველოდებით. პარლამენტის პირველი სხდომის გამართვა არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები ჩერდება. პირიქით, მზად ვართ, პარლამენტის უფლებამოსულების ცნობის შემდეგ, გავაგრძელოთ საუბარი ყველა ოპონენტთან, ვინც ერთპროცენტიანი ბარიერი გადალახა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.