გივი მიქანაძე - რადიკალური ოპოზიცია, ლეგიტიმურის გარდა, ყველა მეთოდს იყენებს, კარგად იციან, რომ ლეგიტიმური გზით ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნდებიან
გივი მიქანაძე - რადიკალური ოპოზიცია, ლეგიტიმურის გარდა, ყველა მეთოდს იყენებს, კარგად იციან, რომ ლეგიტიმური გზით ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნდებიან

რადიკალური ოპოზიცია, ლეგიტიმურის გარდა, ყველა მეთოდს იყენებს, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ ლეგიტიმური გზით ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნდებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ქართული საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა უარი არაერთხელ უთხრა.

„ქართული საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მათ უარი არაერთხელ უთხრა, რომ ისინი ხელისუფლებაში რაღაც ფორმით დაბრუნებულიყვნენ. ამისი ბოლო გამოხატულება იყო შუალედური არჩევნები, სადაც მათ საზოგადოებამ ღირსეული პასუხი გასცა. რაც შეეხება ჯაფარიძეს, მისგან საზოგადოებას უკვე აღარ უკვირს მსგავსი მოქმედებები, რადგან ეს ადამიანი გადასულია რადიკალიზაციის უკიდურეს ფორმაზე. ხაბეიშვილმაც თქვა, რომ რევოლუცია არის ერთადერთი გზა, რითიც ისინი შეძლებენ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ეს არის მათი დღის წესრიგი. ამიტომ საზოგადოებისთვის გასაკვირი არ არის, რომ მათ მიერ ჩატარებულ ტრენინგებზე იარაღის გამოყენებასა და ისეთ აქტივობებზეა ყურადღება გამახვილებული, რაც შეიძლება, გამოყენებული იყოს რევოლუციური სცენარების განსახორციელებლად“, – განაცხადა მიქანაძემ.

მისი თქმით, ქართულ საზოგადოების პოზიციაა მშვიდობის, ქვეყნის ევროპული განვითარებისგან ორიენტირება, რასაც ხელისუფლება მიზანმიმართულად ახორციელებს.

„ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ კანონიდან რაიმე გადახრა მოხდეს. მსგავსი ქმედებები კიდევ ერთხელ ავლენს რადიკალური ოპოზიციის რეალურ გეგმას და იმ სახეს, რაც ნიღბის ჩამოხსნის შემდეგ საზოგადოებას წარუდგინეს. ისინი ერთადერთ გამოსავალს სწორედ რევოლუციაში ხედავენ. კარგია, რომ საზოგადოებისთვის ცნობილია მათი რეალური ზრახვები. ისინი ღირსეულ პასუხს 2024 წელს მიიღებენ, როცა საზოგადოება დაუფიქსირებს, რომ მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის“, – განაცხადა მიქანაძემ.