გივი მიქანაძე - რადიკალური ოპოზიცია და მათი დამფინანსებელი კეზერაშვილი იმდენად სასოწარკვეთილ პოზიციაში არიან, აღარ იციან ვექტორი რაიმე მიმართულებით როგორ გადაიტანონ
BBC-ის მძიმე ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, რომელიც ეყრდნობოდა ქართველი და გერმანელი სამართალდამცავების თანამშრომლობით მოპოვებულ ფაქტებს, რადიკალური ოპოზიცია და მათი დამფინანსებელი დავით კეზერაშვილი იმდენად სასოწარკვეთილ და განწირულ პოზიციაში არიან, რომ აღარ იციან, ვექტორი როგორ გადაიტანონ რაიმე მიმართულებით, ისინი არ ერიდებიან იმას, რომ თავიანთი თანაგუნდელიც გაწირონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
„მცდელობა არის, რომ რაღაცნაირად ვექტორი გადმოიტანონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისკენ. ამ შემთხვევაში თავდაცვის მინისტრის მიმართ, რაც არის აბსოლუტურად ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და უსაფუძვლო მცდელობა იქიდან გამომდინარე, რომ ალექსიძე არის უშუალოდ კეზერაშვილის მფარველობას დაქვემდებარებული ადამიანი და მასთან მიმართებაში თავდაცვის მინისტრს არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. მით უმეტეს, რომ ისინი ყოფილი ნათესავები არიან ოჯახური კონტექსტიდან გამომდინარე. ოპოზიციის მცდელობაა, რომ როგორღაც ეს პროცესები დააკავშირონ, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ კეზერაშვილის დანაშაული თავად ოპოზიციის მხრიდანაც აღიარებულია და მთავარი კითხვაა ის, კეზერაშვილი მათ რომ აფინანსებდათ და აფინანსებთ, ამ კრიმინალური დაფინანსების წყაროზე რა პოზიცია აქვთ? როგორც ჩანს, კვლავ ცდილობენ, მოიპოვონ თავიანთი ადგილი იმ ფრთის ქვეშ, რომლითაც მათ კეზერაშვილი ფინანსურ მხარდაჭერას უწევთ. საუბარია იმაზე, რომ ეს ადამიანები ყველაფერზე წამსვლელი არიან. საკუთარი კრიმინალური დაჯგუფების წარმომადგენელის გაწირვაზეც მიდიან, რომ ოღონდ როგორმე ვექტორი გადაიტანონ და მცდელობები აქვთ, ეს ყველაფერი რაღაცნაირად მმართველ გუნდს დაუკავშირონ, რაც საფუძველს მოკლებულია და ეს საზოგადოებისთვისაც კარგად ცნობილია“, – განაცხადა მიქანაძემ.