გივი მიქანაძე - „ქართული ოცნება“ აუცილებლად შეასრულებს დანაპირებს, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი
„ქართული ოცნება“ აუცილებლად შეასრულებს დანაპირებს, რომელიც ხელისუფლებაში მისვლის პირველივე დღიდან გააკეთა, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მიქანაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ორიენტირებულია ქვეყნის და საზოგადოების კეთილდღეობაზე, უსაფრთხოების გარანტიების გაზრდაზე და ევროატლანტიკურ სივრცეში ქვეყნის შემდგომი ინტეგრაციის მაქსიმალურ ხელშეწყობაზე.
„პირველი და ამომავალი წერტილი, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის არის დამახასიათებელი, არის პასუხისმგებლობა ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის წინაშე, იმ ნაბიჯების გადადგმა, რაც, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს. სწორედ ეს არის განმაპირობებელი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ერთადერთია უახლეს ისტორიაში, რომლის დროსაც მშვიდობიანობა არის შენარჩუნებული, რამაც შექმნა ფუნდამენტი, რომ ქვეყანა განვითარების სწორ გზას ადგას. განსაკუთრებით, ბოლო ორი წლის პარამეტრებს თუ ავიღებთ, ქვეყანა, მსოფლიოს ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, ეკონომიკური ზრდის მართლაც ძალიან მნიშვნელოვან პარამეტრებს იძლევა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ინტეგრაციას ჩვენს პარტნიორებთან. ვამბობთ, რომ ამ ურთიერთობებს ვაგრძელებთ მხოლოდ და მხოლოდ თანასწორობის, ქვეყნის ღირსების და ჩვენი შემდგომი ინტეგრაციის კონტექსტში, რაც აუცილებელია, რათა ჩვენმა ქვეყანამ ღირსეული და თანასწორი ადგილი მოიპოვოს იმ დიდ ევროპულ ოჯახში, რომლის წევრიც აუცილებლად გახდება. „ქართული ოცნება“ დანაპირებს, რომელიც ხელისუფლებაში მისვლის პირველივე დღიდან გააკეთა, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყანა, აუცილებლად შეასრულებს მოსახლეობასთან ერთად, მისი დიდი ნაწილის მხარდაჭერით. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული და ეს ყველაფერი შექმნის წინაპირობას, რომლითაც მშვიდობიანი გზით აღვადგენთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მოხდება ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია, ჩვენს მოძმე აფხაზ და ოს ერთან ერთად ერთიანი ქვეყნის მშენებლობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა მიქანაძემ.