გივი მიქანაძე - პარლამენტში მომხდარი ფაქტი მიგვანიშნებს, რომ დაგეგმილ პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი, ვისი მხრიდან, ამას სიტუაციურად შევაფასებთ
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის მოსამზადებელ არც ერთ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილი არ ყოფილა, რომ რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი უნდა მჯდარიყო იქ, სადაც აღმოჩნდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
რაც შეეხება იმ საკითხს, რომ სპიკერატში ორი სავარძელი იდგა, მიქანაძის თქმით, ცნობილი იყო, რომ სხდომა ბერძენ დელეგატებს უნდა წაეყვანათ.
„ამ ღონისძიების მოსამზადებელ არც ერთ ეტაპზე ჩვენთვის არ ყოფილა ცნობილი, რომ გავრილოვი უნდა მჯდარიყო იქ, სადაც აღმოჩნდა დღეს.
რაც შეეხება იქ ორი სავარძლის არსებობას, ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ საბერძნეთიდან ჩამოსულ დელეგატებს უნდა წაეყვანა ეს სხდომა, როგორც ამ ასამბლეის გენერალურ მდივანს, ასევე მის დამფუძნებელ პრეზიდენტს, ორივე ბერძნები გახლავთ. ვენთვისაც წარმოუდგენელი იყო ის ფაქტი, რომ დღეს ვიხილეთ ერთ ერთ სკამზე სერგეი გავრილოვი“, – განაცხადა მიქანაძემ.
ამასთან, პარლამენტის აპარატის თავმჯდომარე შესაძლო პროვოკაციას უსვამს ხაზს.
„ჩვენ, ადმინისტრაცია პოლიტიკური თემიდან შორს ვართ, თუმცა ეს გარკვეულწილად მიგვანიშნებს, რომ გარკვეულ წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი, თუ ვისი მხრიდან, ამას უკვე სიტუაციურად შევაფასებთ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ ქართველ ჟურნალისტებთან ბაქოში.