გივი მიქანაძე - პარლამენტის თავმჯდომარის წერილი გამოხატავს სრულ ჭეშმარიტებას და იმ განწყობებს, რომელიც ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილშია
პარლამენტის თავმჯდომარის წერილი გამოხატავს სრულ ჭეშმარიტებას და იმ განწყობებს, რომელიც ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილშია, – ამის შესახებ საპარალამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მიქანაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით, რომლითაც შალვა პაპუაშვილი მარტინუს ტინი კოქსს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილზე ჩანაწერის შესახებ მიმართავს.
მიქანაძის თქმით, „რეზოლუციაში სრულიად აბსურდული და სამართლებრივად გაუმართავი, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე შეცურებული ცვლილება შევიდა, რომელიც ჩვენი ქვეყნის იმიჯის საწინააღმდეგოა“.
„ეს დადასტურებულია არა მხოლოდ ეროვნულ დონეზე შესაბამისი გადაწყვეტილებებით, არამედ სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი არაერთ საქმეში ამხილა, როგორც ადამიანის უფლებების დამრღვევად და დამნაშავედ. მხოლოდ გირგვლიანის საქმეც რომ მოვიყვანო, მთელი საზოგადოებისთვის ნათელი იქნება, რაზე ვსაუბრობთ. შეუძლებელი და მიუღებელია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იღებდეს რეზოლუციას, რომელშიც ისეთი ჩანაწერია, რომელიც არც სამართლებრივად არის გამართული, არც არგუმენტები არსებობს. ვიწროპარტიული ინტერესებია კონკრეტული ჯგუფის, რომელშიც ძირითადად არიან „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლები, რომლებიც ამ ჩანაწერის ინიციატორები იყვნენ უკრაინელ დეპუტაციასთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მხრიდან მეგობრობა ცალმხრივია, ყველა პლატფორმას ვიყენებთ, რომ უკრაინას მხარი დავუჭიროთ. ამ დროს უკრაინელი დეპუტაციის მხრიდან სრულიად საპირისპირო შედეგს ვიღებთ, როცა ისინი აბსურდულ ჩანაწერს მხარს უჭერენ და რეზოლუციას აინიცირებენ. ამ დოკუმენტის მიმართ მხარდაჭერა დავაფიქსირეთ, მაგრამ როცა მათი მხრიდან სამწუხარო ნაბიჯი იდგმება, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან რეაგირება იქნება“,- განაცხადა მიქანაძემ.