გივი მიქანაძე პარიზში, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კომიტეტის წევრმა, გივი მიქანაძემ 8-9 იანვარს პარიზში, კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
სხდომის მიზანი სერბეთიდან, ლუქსემბურგიდან, ბულგარეთიდან და ლიეტუვიდან სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება და კენჭისყრა იყო.
8 იანვარს სერბეთისა და ლუქსემბურგის მიერ წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით განხილვა გაიმართა. შედეგად, სერბეთის წარდგენილ სიას კომიტეტმა ერთხმად უარი უთხრა და მიიღო გადაწყვეტილება, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წარედგინოს რეკომენდაცია სიის განუხილველობის და ახალი სიის წარმოდგენის თაობაზე.
რაც შეეხება ლუქსემბურგის მიერ წარდგენილ კანდიდატებს, მათთან გასაუბრების შემდეგ ფარული კენჭისყრა ჩატარდა და შედეგები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას გადაეგზავნა.
9 იანვარს გაიმართა ბულგარეთისა და ლიეტუვის მიერ წარდგენილი კანდიდატების განხილვა და მათთან გასაუბრება. გასაუბრების შემდეგ ფარული კენჭისყრა ჩატარდა.
კენჭისყრის შედეგები საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსთვის წარდგენამდე კონფიდენციალურია და არ საჯაროვდება.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.