გივი მიქანაძე - პარალელური დათვლის შედეგებმა დიდი კითხვის ნიშნები გააჩინა ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ სანდოობასთან დაკავშირებით
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ყურადღება გაამახვილა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მიღებულ რეკომენდაციებსა და ახსნა-განმარტებებზე.
„მათი მხრიდან მთავარ პრობლემად წარმოჩნდა შესწორების ოქმების შედგენის დიდი რაოდენობა, რომელიც ფიქსირდებოდა კონკრეტული საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმებთან მიმართებაში. დროებით კომისიასთან გასაუბრების შემდეგ, ყველა მათგანმა დაადასტურა, რომ აღნიშნული შესწორებები განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ განსაკუთრებით გამოყო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგები და მათი გავლენა იმ პროცესებზე, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური ესკალაციის ფონზე წარიმართა.