გივი მიქანაძე - ოპოზიციის წარმომადგენლები სრულიად აბსურდულ განცხადებებზე არიან გადასული
ოპოზიციის წარმომადგენლები სრულიად აბსურდულ განცხადებებზე არიან გადასული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
დეპუტატმა კომენტარი გააკეთა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ თაკო ჩარკვიანის დღევანდელ განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ მასთან ოჯახში იმყოფებოდნენ და პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ გარიგება შესთავაზეს.
„ღიმილს იწვევს ჩემში ეს განცხადება და უკვე ვხედავ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები სრულიად აბსურდულ განცხადებებზე არიან გადასული. „ქართულ ოცნების“ სტილი ამგვარი ურთიერთობა არ არის, ეს არის წინა ხელისუფლების სტილი, როდესაც ისინი მსგავსი მეთოდებით ცდილობდნენ, ოპოზიციასთან გარკვეულ გარიგებებში შესვლას. ამიტომ, ის, რასაც თვითონ უშვებდნენ შესაძლებლად, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ამას ნუ გვაბრალებენ ჩვენ. თუ ქალბატონ ჩარკვიანს აქვს რაიმე კონკრეტული ფაქტები, წარმოადგინოს ეს ფაქტები და შემდგომში ვიმსჯელოთ“, – განაცხადა მიქანაძემ.