გივი მიქანაძე - ოპოზიციის განცხადებით, რომ ისინი არ აპირებენ დოკუმენტზე ხელმოწერას, ცხადზე ცხადი გახდა, ვინ ჩაშალა მოლაპარაკებები და ვინ ვერ გამოდის ვიწროპარტიული ინტერესებიდან
ოპოზიციის განცხადებით, რომ ისინი არ აპირებენ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერას, ცხადზე ცხადი გახდა, ვინ ჩაშალა მოლაპარაკებები და ვინ ვერ გამოდის ვიწროპარტიული ინტერესებიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერა ცხადყოფს, რომ მმართველი გუნდი მზად არის, კომპრომისებზე წავიდეს ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებისათვის.
„საზოგადოება დარწმუნდა იმაში, რომ მოლაპარაკებები ჩაშალა სწორედ ოპოზიციამ, რომელიც გვაბრალებდა კრისტიან დანიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე შეუთანხმებლობას და ხელის არ მოწერას. „ქართული ოცნების“ მიერ უპირობოდ არის ხელმოწერილი ეს დოკუმენტი. გარდა ამისა, ჩვენი მხრიდან კიდევ გადაიდგა უფრო შემხვედრი ნაბიჯი, რომელიც ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორების მხრიდან შეფასდა, როგორც ძალიან პროგრესული და კომპრომისული. პარტნიორებმა ოპოზიციის გასაგონად განაცხადეს, რომ ეს არის ნაბიჯი, რომელსაც ველოდითო. ოპოზიციის განცხადებით, რომ ისინი არ აპირებენ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერას, ცხადზე ცხადი გახდა, ვინ ჩაშალა მოლაპარაკებები და ვინ ვერ გამოდის ვიწროპარტიული ინტერესებიდან. ამ დოკუმენტით ცხადად არის ხაზგასმული ის გარემოება, რომ ჩვენი გუნდი მზად არის, კომპრომისებზე წავიდეს ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებისათვის.
ასევე მიუხედავად იმისა, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ ცხადად თქვა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, ჩვენ გამოვთქვით მზაობა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 40-პროცენტიან ნიშნულს „ქართული ოცნების“ მაჩვენებელმა თუკი ვერ მიაღწია, ჩვენ ვიმსჯელებთ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე. მიუხედავად ამისა, ჩვენი ოპონენტები აბსოლუტურად მიუღებლად მიიჩნევენ ამ ყველაფერს, რითაც პირველ რიგში, ეწევიან ბატონი დანიელსონის და ბატონი შარლ მიშელის დისკრედიტაციას“, – განაცხადა მიქანაძემ.