გივი მიქანაძე - ოპოზიცია მხოლოდ რადიკალურ ნაბიჯებს დგამს, რომელთა მიმართაც მაქსიმალურად ვცდილობთ, კონსტრუქციული ვიყოთ
ოპოზიციისთვის ნებისმიერი შედეგი მიუღებელია, გარდა იმისა, რომელიც მათთვის ხელსაყრელ შედეგზეა ორიენტირებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა საჯაროდ გამოთქვა დიალოგისთვის მზაობა.
„ჩვენმა გუნდმა ღიად და საჯაროდ გამოთქვა პოზიცია იმის თაობაზე, რომ დიალოგის მზაობა გვაქვს. ამ თვალსაზრისით ინტენსიური მუშაობა გვაქვს პარტნიორ ქვეყნებთან, მათ წარმომადგენლებთან, საელჩოებთან. მზად ვართ, ნებისმიერი კონსტრუქციული განხილვისთვის, თუმცა ის, რაც ხდება და რისი მომსწრენი ვართ, ეს არის იმ დადგმული სცენის გაგრძელება, რომელიც ამ კონსტრუქციული ელემენტის არსებობას გამორიცხავს. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საერთაშორისო პარტნიორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა და ძირითადი თავისუფლების პრინციპები იყო დაცული, ოპოზიცია მხოლოდ რადიკალურ ნაბიჯებს დგამს, რომელთა მიმართაც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კონსტრუქციული ვიყოთ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, ცესკო-მ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და საქართველოს ისტორიაში პირველად, 39 უბანში ხმების გადათვლა მოხდა.
„უბნების გადათვლას ოპოზიცია დაჟინებით ითხოვდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ ამ ნაბიჯებს ცესკო დგამდა, მათთვის ეს თემაც აღარ იყო საინტერესო. იმ სიტუაციაში ვართ, როცა ვხედავთ, რომ ოპოზიციისთვის ნებისმიერი შედეგი მიუღებელია, გარდა იმისა, რომელიც მათთვის ხელსაყრელ შედეგზეა ორიენტირებული. ყველაზე საწყენია, რომ ხდება იმ მოქალაქეების მიმართ უპატივცემულობის გამოხატულება, რომლებიც „კოვიდის“ მიუხედავად არჩევნებზე მივიდნენ და ხმა მისცეს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.