გივი მიქანაძე - ოპოზიცია არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ მოქალაქეების მიმართ საბოტაჟში გადადის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გივი მიქანაძის განცხადებით, ქვეყანა ეკუთვნის ხალხს, რომელიც არის ძალაუფლების წყარო და ოპოზიცია არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ მოქალაქეების მიმართ საბოტაჟში გადადის.
როგორც ჟურნალისტებს მიქანაძემ განუცხადა, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების მხრიდან.
„ყველაფერმა ცხადყო, რომ შედეგები, რომლებიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წარმოადგინა, ასახავს იმას, რაც 31 ოქტომბერს თავისუფალ არჩევნებში ქართველმა ამომრჩეველმა განახორციელა. ამიტომ, ამის შემდეგ ასეთი გაჯიუტება და იმ პროცესის ხელოვნურად ჩაშლის მცდელობა, რომელიც ფასილიტატორების ძალისხმევისა და ჩვენი არაერთი მოწოდების შედეგად მიმდინარეობს, საბოტაჟის შემცველია და ეს ადამიანები ქართველი ამომრჩევლის წინაშე უნდა იყვნენ პასუხისმგებელი“, – განაცხადა მიქანაძემ.