გივი მიქანაძე - ნიკა მელიასთან დაკავშირებით მოსამართლემ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელა და შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება
გივი მიქანაძე - ნიკა მელიასთან დაკავშირებით მოსამართლემ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელა და შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გივი მიქანაძის განცხადებით, ნიკა მელიასთან დაკავშირებით მოსამართლემ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელა და შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება.

როგორც მან საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა, პროცესზე მხარეთა შეჯიბრებითობა არსებითად დაცული იყო.

„წარდგენილი ფაქტებისა და გარემოებების, მტკიცებულებების საფუძველზე მოსამართლემ იმსჯელა და შესაბამისად მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება“, – აღნიშნა მიქანაძემ.

მიქანაძის თქმით, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ტელეკომპანიებს სასამართლოს მხრიდან უფლება მიეცათ, ამ პროცესის ღია ეთერში გასვლა მომხდარიყო.

„სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს, შესაბამისად, საზოგადოებამ ნახა დღის ოთხი საათიდან მიმდინარე პროცესი და მიეცა  შესაძლებლობა, ენახა, რა არგუმენტაცია იყო, როგორც პროკურატურის, ისე დაცვის მხარეს“, – განაცხადა მიქანაძემ.

გივი მიქანაძემ ასევე აღნიშნა, რომ ის, რაც დღეს საზოგადოებამ იხილა, იყო დაცვის მხარის წარმომადგენელთა მხრიდან სასამართლოსადმი გამოხატული უპატივცემულობა, მოსამართლის პირდაპირი ბულინგის და შანტაჟის კონკრეტული აქტივობები.

მიქანაძის თქმით, როცა პირი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ აღკვეთის ღონისძიებას არღვევს, კანონმდებლობა პროკურატურას, როგორც მხარეს, ავალდებულებს, სასამართლოს წინაშე შუამდგომლობა დააყენოს, რომ აღკვეთის ღონისძიება უფრო დამძიმდეს, მაგრამ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არ წერია, ეს რით უნდა დამძიმდეს.

„ამიტომ, პროკურატურამ შექმნა პრეცედენტი. ეს ადამიანი თექვსმეტი თვის განმავლობაში წესებს რომ იცავდა, პროკურატურამ ზუსტად ამიტომ გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი და შემოიღო ახალი პრეცედენტი, როდესაც დაამძიმა, რაც კანონმდებლობით დადგენილია და მოითხოვა, გირაო 100 000 ლარამდე გაზრდილიყო“, – განაცხადა მიქანაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

პროცესს თავად ბრალდებული ნიკა მელია არ ესწრებოდა.