გივი მიქანაძე - ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ნეიტრალურად აკვირდება, მიხვდება, რომ IRI-ის კვლევა მიკერძოებულია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი გივი მიქანაძის შეფასებით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა მიკერძოებული და საზოგადოებაში არსებულ განწყობებს აცდენილია.
მიქანაძის თქმით, არანაირი საფუძველი არ არსებობს, გამოქვეყნებულ ციფრებს ენდონ.
„ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ნეიტრალურად აკვირდება, აშკარად მიხვდება, რომ ეს კვლევა არის მიკერძოებული, სუბიექტური და ყოველგვარ საფუძველს გამოცლილი რეიტინგებია. ამის მარტივი და ნათელი დადასტურებაა ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერანაირად ვერ მოემატებოდა მხარდაჭერა, პირიქით, კლებაშია და ეს თავადაც კარგად იციან. ამის მარტივი დამადასტურებელია სრული ფიასკოთი დასრულებული რადიკალური ოპოზიციის მცდელობები, აქციები ჩაეტარებინათ როგორც რეგიონებში, ასევე 9 აპრილს თბილისში. ეს მათთვის იყო ყველანაირი მოლოდინის გაწბილება, თუმცა ეს არის ქართული საზოგადოების პასუხი იმ მიზნების მიმართ, რომელმაც საბოლოოდ ნიღაბი ჩამოიხსნა და საზოგადოება მიხვდა, რა მიზნებს და მოთხოვნებს ემსახურებიან. ამიტომ IRI-ის კვლევაში არსებული ციფრები აცდენილია საზოგადოებაში არსებულ განწყობებს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.