გივი მიქანაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ყალბ ემოციებზე აყოლის დრო არ არის, პარლამენტის სხდომის გამართვის საჭიროება ამ ეტაპზე ობიექტურადაც არ არსებობს
უკრაინის მიმართ რუსეთის ღია სამხედრო აგრესიის საკითხზე იმ ხალხის მიერ შემოთავაზებულ შოუში, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორ თვეში საკუთარი ქვეყანა, სამხედრო ძალები ომის დაწყებასა და ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში დაადანაშაულეს, მონაწილეობას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ხვალ პარლამენტის 41 დეპუტატის ინიციატივით, რომელთაგან დიდი უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, მოწვეულია პარლამენტის რიგგარეშე სხდომა.
„ყოველგვარი მინიშნებების გარეშე, პირდაპირ გვინდა განვაცხადოთ, რომ უკრაინის მიმართ რუსეთის ღია სამხედრო აგრესიის საკითხზე იმ ხალხის მიერ შემოთავაზებულ შოუში, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორ თვეში საკუთარი ქვეყანა, სამხედრო ძალები ომის დაწყებასა და ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში დაადანაშაულეს, მონაწილეობას არ ვაპირებთ. აქვე დავძენთ, რომ სხდომის გამართვის საჭიროება ამ ეტაპზე ობიექტურადაც არ არსებობს. იმაზე ყურადღების გამახვილებაც არ ღირს, რომ მათ დღის წესრიგში შესატანი ორი საკითხიდან ვერც ერთი მოარგეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ ნორმებს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, საქართველო მოქმედებს დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციის პირობებში, მხარს უჭერს მეგობარ უკრაინას და უკრაინელ ხალხს.
„მოცემულ ვითარებაში ნამდვილად არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ყალბ ემოციებსა და მათ პოპულიზმზე აყოლის დროს. იკვეთება, რომ რადიკალური ოპოზიციის, რომელიც წარმოადგენს მეხუთე კოლონას საქართველოში, 2008 წლიდან მოყოლებული დღემდე, პირდაპირი ამოცანაა საქართველოსკენ გადმოვიდეს მეტი ყურადღება, შეიქმნას პროვოკაციული ფონი და ჩვენმა ქვეყანამაც არა პრაგმატული, არამედ ემოციური გადაწყვეტილებები მიიღოს და გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვას. ჩვენი ამოცანაა კი, პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელებაა“, – განაცხადა მიქანაძემ.
უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რიგგარეშე პარლამენტის სხდომის ჩატარების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს. სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის მიმართვას ხელი მოაწერა.