გივი მიქანაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთი წარმომადგენელი სტიქიის ადგილზე არ ჩასულა, დისტანციურად გაკეთებული დასკვნები უნდობლობას იწვევს და მათ რეალურ ზრახვებზე მიუთითებს
„ნაციონალური მოძრაობის“ არცერთი წარმომადგენელი შოვში ადგილზე არ ჩასულა, არ გასცნობია კონკრეტულ ფაქტებს. დისტანციურად გაკეთებული დასკვნები მათ რეალურ მიზნებსა და ზრახვებზე მიუთითებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მიქანაძე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები აწარმოა, სადაც მაღალი თანამდებობის პირების გულგრილობა იკვეთება.
გივი მიქანაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება უნდობლობას იწვევს.
„„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ყველა ვითარება, მათ შორის ასეთი უდიდესი ტრაგედიაც კი გამოიყენოს, რათა ძლიერი პრემიერ-მინისტრის, ძლიერი მთავრობისა და ხელისუფლების წინააღმდეგ საზოგადოებაში გარკვეული სიბრაზე შეიტანოს და კითხვის ნიშნები გააჩინოს. საზოგადოებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ნდობა სრულად აქვს დაკარგული. მათი ნებისმიერი განცხადება უნდობლობას იწვევს, მით უმეტეს, იმის ფონზე, როცა საზოგადოება ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთი წარმომადგენელი ადგილზე არ ჩასულა, არ გასცნობია კონკრეტულ ფაქტებს, თავისი თვალით არ უნახავს ის ტრაგედია და მისი შედეგები. ამის ფონზე, დისტანციურად გაკეთებული გარკვეული დასკვნები მათ რეალურ მიზნებსა და ზრახვებზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.
საზოგადოება ხედავს, ხელისუფლება რას აკეთებს. იმ ფონზე, როცა სამძებრო არეალი გაფართოვდა, 60 კილომეტრამდეა გაზრდილი, დღემდე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მხოლოდ თბილისიდან და სხვადასხვა ქალაქიდან აკეთებენ ზეპირ განცხადებებს, რომლებიც კონკრეტულ ბრალდებას მოიცავს. არცერთი მათგანი არც კი დაფიქრებულა, რომ ადგილზე ჩასულიყო. ამიტომ შუალედური ანგარიში შეიძლება მხოლოდ მათთვის იყოს საინტერესო და იყოს მცდელობა, რომ რაღაც შემოიტანონ საზოგადოებაში. ამ ყველაფრის შედეგს „ნაციონალური მოძრაობა“ ზუსტად ერთ წელიწადში, ოქტომბრის არჩევნებზე საკუთარი თვალით ნახავს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
როგორც მიქანაძემ აღნიშნა, უსაფუძვლოა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები, რომ ხელისუფლების მხრიდან რეაგირება დაიგვიანებული იყო.
„პოლიტიკურად გაკოტრებულ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება, არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ უდიდესი ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. იმის ნაცვლად, რომ სოლიდარული ყოფილიყვნენ, ჩასულიყვნენ ადგილზე, ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ, რათა პოლიტიკური ქულები დაიწერონ. იმდენი მორალიც კი არ აქვთ, თავი შეიკავონ ამ უმძიმეს პერიოდში, როცა მთელი მსოფლიო გვისამძიმრებს. ამ დარგის სპეციალისტი არ ვარ, თუმცა არაერთი კვალიფიციური, სანდო ექსპერტის განცხადება მოვისმინეთ, სადაც პირდაპირ და ცალსახად იყო ნათქვამი, რომ ეს იყო სტიქიური უბედურება, რომლის პრევენცია შეუძლებელი იყო. რამდენიმე წუთში განვითარდა ტრაგედია, ეკოლოგიური კატასტროფა და იმ რამდენიმე წუთში ფიზიკურად ადამიანების გადარჩენა ან მათი წინასწარ შეტყობინება შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენი გმირი მაშველები, პოლიციელები, ჯარისკაცები, ასევე მოხალისეები დღემდე აგრძელებენ დაკარგული ადამიანების მოძიებას. ვნახეთ, რა მასშტაბებზე გავიდა სტიქიის შედეგები – ცხედარი, რომელიც გუშინ აღმოაჩინეს, ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის დაშორებით იყო. მაქსიმალური კეთდება, სახელმწიფოს, ხელისუფლების მხრიდან პირველივე წამიდან იყო რეაგირება. უსაფუძვლოა განცხადება, რომ რეაგირება დაგვიანებული იყო. ეს არის მცდელობა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური ქულებისთვის გამოიყენოს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.