გივი მიქანაძე - მწუხარებას გამოვხატავ თანამემამულეების დაღუპვის გამო, სპეკულაციაა, თითქოს მმართველი გუნდი მწუხარებას არ იზიარებს, მით უმეტეს, მიუღებელია ამაზე საუბარი მათგან, ვინც 2008 წელს ჯარისკაცები მიატოვა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ სპეკულაციაა საუბარი, თითქოს მმართველი გუნდი მწუხარებას არ იზიარებს.
„მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო უკრაინაში ჩვენი თანამემამულეების დაღუპვის გამო. თითოეული ადამიანის დაღუპვა ჩვენთვის უდიდესი ტრაგედიაა და ამ მძიმე ჟამს ჩვენ თანაზიარი ვართ იმ მწუხარების, რომელსაც მათი ოჯახის წევრები და სრულიად საქართველო განიცდის. ეს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიაა, ამ ომს დღეის მდგომარეობით ჩვენი 33 თანამემამულე შეეწირა. სრულიად მიუღებელია საუბარი, რომ ჩვენ არ ვიზიარებთ ამ მწუხარებს. სახელმწიფომ ცალსახად გამოხატა დაღუპული თანამემამულეების მიმართ მხარდაჭერა, როდესაც ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეული მათგანი სამხედრო პატივით დაიკრძალოს. ყველა ის ადამიანი, რომელიც დაიღუპა და გადმოსვენებული იყო უკრაინიდან, სწორედ სამხედრო პატივით დაიკრძალნენ. ანალოგიურად იქნება ჩვენს ხუთ თანამემაულესთან მიმართებაში, როდესაც მოხდება საქართველოში მათი გადმოსვენება. ამიტომ სპეკულაციაა საუბარი, თითქოს მმართველი გუნდი მწუხარებას არ იზიარებს, მით უმეტეს, ეს მიუღებელია იმ ადამიანებისგან, რადიკალურ ფრთაზე მაქვს საუბარი, რომელთაც 2008 წელს ჩვენი ჯარისკაცები შუა ომში მიატოვეს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
გივი მიქანაძე ასევე გამოეხმაურა გლოვის დღის გამოცხადებასთან დაკავშირებით გამოთქმულ ინიციატივებს.
„რაც შეეხება გლოვის დღის გამოცხადებას, რამდენი ქართველი, ჩვენი თანამემამულე დაიღუპა საერთაშორისო მისიებში სხვადასხვა ოპერაციის დროს. სამწუხაროდ, იყო შემთხვევა, როდესაც ერთ კონკრეტულ ვითარებაში რამდენიმე მათგანი დაიღუპა. არ მახსოვს ჩვენი ოპონენტებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციებისგან ერთხელ მაინც წამოსულიყო ინიციატივა, მათ დაღუპვასთან დაკავშირებით გლოვის დღე გამოცხადებულიყო. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ ეს ყველაფერი გამოყენებულია სპეკულაციად. ყველაზე მიუღებელია და არანაირ ჩარჩოში არ ჯდება, როდესაც გარდაცვლილი თანამემამულეების სახელით ხდება მსგავსი სპეკულირება“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.