გივი მიქანაძე - მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ გაითვალისწინონ ცრუ ინფორმაციები პირადობის მოწმობებზე, მოვუწოდებთ ადგილობრივი ორგანიზაციების დონორებს, ამ ფაქტებს რეაგირება მოჰყვეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, სიცრუეა, თითქოს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ხდება ამომრჩევლისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა.
მიქანაძის თქმით, ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე ცრუ ინფორმაციის გავრცელება მმართველი გუნდის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მიზნით მიმდინარეობს.
„არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად იზრდება დეზინფორმაციული კამპანია ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი როგორც მედიაორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. დღეს გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ ბოლო დღეებში აგორებულ სიცრუის ტირაჟირებაზე, ვითომ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ხდება ამომრჩევლისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა. ამგვარი სიცრუის კამპანია დამახასიათებელია რადიკალებისთვის და ამის არაერთი მცდელობა ჯერ კიდევ 2020 წლის არჩევნებზე ვნახეთ, რაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ მხოლოდ სიცრუე და დეზინფორმაცია იყო.
ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიმდინარეობს ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე ცრუ ინფორმაციის გავრცელება მმართველი გუნდის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მიზნით. კერძოდ: 17 ოქტომბერს თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა, თითქოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა წნორში, მოხუცთა თავშესაფარში 22 მოხუცსა და ცხრა თანამშრომელს ჩამოართვეს პირადობის მოწმობები და ოფისში წაიღეს. წარმოდგენილი ინფორმაცია სიცრუე რომ არის, ამაზე თავად კორძაიას განცხადება მეტყველებს, რომლის თანახმად, ვციტირებ: „ჩვენ ვიცით თითოეული ამ მოქალაქისა და ამ დანაშაულის ჩამდენი პირების სახელები და გვარები, რომლებსაც დღეს შეგნებულად არ დავასახელებთ“. რეალურად, არანაირი პირადობის ჩამორთმევას ადგილი არ ჰქონია და არის მტკნარი სიცრუე, თუმცა თამარ კორძაიასგან მსგავსი განცხადება არავისთვის გასაკვირი არ იქნება, რადგან 2020 წლის და 2021 წლის არჩევნებზე იგი სიცრუის ტირაჟირებით იყო დაკავებული, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი გახლდათ.
17 ოქტომბერს ტელეკომპანია „მთავარმა“ გაუშვა სიუჟეტი, რომლითაც რუსთავის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებით მანიპულირებას შეეცადა. სიუჟეტში გაჟღერებული სიყალბე არის რუსთავში წინასაარჩევნოდ სიტუაციის დაძაბვის მცდელობა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა რუსთავის მერმა, რომლითაც დადასტურდა, რომ სიუჟეტში ასახული ინფორმაცია არის სრული სიყალბე და მიმართა უწყებათაშორის კომისიას და სადამკვირვებლო მისიებს, დეტალურად შეისწავლონ მომხდარი ფაქტი, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიული ტელევიზიების მხრიდან ამომრჩეველზე ზეწოლის და სიცრუის გავრცელების მორიგი ფაქტი აისახოს შესაბამის დასკვნებში“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
როგორც მიქანაძემ აღნიშნა, „ამ სიცრუის ნარატივის გავრცელებას ხელს უწყობენ ე.წ. ნეიტრალური ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რითიც ისინი საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენებენ, რომ მათ ნეიტრალიტეტთან და მიუკერძოებლობასთან საერთო არაფერი აქვთ“.
„დღეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ჩაატარა ბრიფინგი, სადაც წარადგინა შუალედური ანგარიში და გამოეხმაურა ანტიკორუფციული კომისიის ბიუროს გადაწყვეტილებას პოლიტიკური მიზნების მატარებელ სუბიექტებად კონკრეტული ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების დადგენის შესახებ და ამას კანონის არასწორი ინტერპრეტაცია უწოდა, ისევე როგორც კომუნიკაციების კომისიის მიერ ოპოზიციური ტელეკომპანიების მხრიდან „ქართული ოცნების“ სარეკლამო ვიდეორგოლის არგაშვებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენას. გარდა იმისა, რომ ორივე საკითხთან მიმართებით იმსჯელა სასამართლომ და დაადასტურა კანონის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებათა სისწორე, ყველასთვის ნათელია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობისა“ და „აირჩიე ევროპის“ წარმომადგენლები უშუალოდ იყვნენ და არიან პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, სხვა რომ არაფერი, მათი წარმომადგენლები სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიებმა წარადგინეს დეპუტატობის კანდიდატებად პარტიულ სიებში და დადგენილია მათი მხრიდან პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული არაერთი შემოწირულობა. ამიტომ მსგავსი განცხადებების გაკეთება იმის ფონზე, როცა კვლავაც მიმდინარეობს მმართველი გუნდის წინააღმდეგ წარმოებული წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის ფაქტების იგნორირება, კიდევ ერთხელ ავლენს ადგილობრივი ორგანიზაციების მიკერძოებულობას“, – განაცხადა მიქანაძემ.
გივი მიქანაძის თქმით, მოუწოდებს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, არ გაითვალისწინონ სიცრუის შემცველი ინფორმაციები პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით.
„შესაბამისად, მივმართავთ ადგილობრივი ორგანიზაციების დონორებს, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება და ამომრჩევლებს შორის არასწორი აღქმების ჩამოყალიბება მათი პასუხისმგებლობაცაა; ამიტომ, მოვუწოდებთ, მათი მხრიდან ამ ფაქტებს შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს. მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, არ გაითვალისწინონ სიცრუის შემცველი ინფორმაციები პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით და შეაფასონ საკუთარ ანგარიშებში როგორც ოპოზიციის სიცრუის ტირაჟირება, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მათი მხარდაჭერის კუთხით პოზიციონირება“, – განაცხადა მიქანაძემ.