გივი მიქანაძე - მოსარჩელეებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ბუნებაში არანაირი არგუმენტი არ არსებობს გამჭვირვალობისა და ანგარიშგების საწინააღმდეგოდ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ სარჩელების ავტორებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ბუნებაში არანაირი არგუმენტი არ არსებობს გამჭვირვალობისა და ანგარიშგების საწინააღმდეგოდ.
„მათ მთელი სტრატეგია ააგეს იმაზე, საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ საერთაშორისო პარტნიორებისთვის კანონი მიუღებელია, მაგრამ რატომ არის მიუღებელი, ამ კითხვაზე პასუხი მათ არცერთ გამოსვლაში არ ყოფილა. აქცენტი კეთდებოდა ვითომ პარალელების გავლებაზე რუსულ კანონთან, რაც სიცრუეს წარმოადგენს. მათ სხვა არცერთი არგუმენტი არ ჰქონიათ, გარდა იმისა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გაკეთდა განცხადებები, მაშინ როცა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის აპარატმა აჩვენა ის არგუმენტები, რატომ არის კანონი ქართული და რა საფუძვლებს ემსახურება; ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია ეს კანონი ქვეყნის გაძლიერებისა და პროგრესისთვის“, – განუცხადა გივი მიქანაძემ საქართველოს პირველ არხს.
საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ პრეზიდენტის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელებზე განმწესრიგებელ სხდომაზე სამი დღის განმავლობაში მსჯელობდა.