გივი მიქანაძე - მიმდინარე კვირის პარასკევს პარლამენტი ასრულებს საშემოდგომო სესიას, თუმცა იქნება რიგგარეშე საპარლამენტო სესიები, რომელზეც მთავრობის დამტკიცება მოხდება
გივი მიქანაძე - მიმდინარე კვირის პარასკევს პარლამენტი ასრულებს საშემოდგომო სესიას, თუმცა იქნება რიგგარეშე საპარლამენტო სესიები, რომელზეც მთავრობის დამტკიცება მოხდება

მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, მიმდინარე კვირის პარასკევს პარლამენტი ასრულებს საშემოდგომო სესიას. ახალი მთავრობის ფორმირება და 2021 წლის ბიუჯეტის განხილვა, დამტკიცება უნდა განხორციელდეს მიმდინარე წლის ბოლომდე. იქნება რიგგარეშე საპარლამენტო სესიები, რომელზეც პირველ რიგში, მოხდება მთავრობის დამტკიცება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„იცით, რომ უკვე მმართველი პარტიის მიერ ნომინირებული იქნა ამ პოზიციაზე ბატონ გიორგი გახარიას კანდიდატურა, შესაბამისად, მან უნდა წარმოადგინოს იმ გუნდის შემადგენლობა. განხორციელდება საკომიტეტო მოსმენები, რომლის ფორმატშიც იქნება განხილული ის პრიორიტეტები, გეგმები, სამოქმედო არეალი, რომელიც მთავრობამ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში უნდა განახორციელოს. შემდგომში უკვე მოხდება პლენარულ სხდომაზე განხილვა, რის საფუძველზეც მოხდება მთავრობის დამტკიცება“, – განაცხადა მიქანაძემ.

მიქანაძის თქმით, ამ ეტაპზე არანაირი კონსულტაციები მთავრობის გუნდთან დაკავშირებით პარტიის უმრავლესობის შიგნით არ გამართულა.

„უახლოეს დღეებში ჩვენ ველოდებით, რომ კონკრეტული საკითხები იქნება განხილული. ეს ყველაფერი მსჯელობის საგანია და საბოლოო ჯამში, ველოდებით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან იმ გუნდის წარდგენას, რომელიც ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილი იქნება“, – აღნიშნა მიქანაძემ.

რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს, მიქანაძის თქმით, მოლაპარაკებებს არასდროს ეკარგება აზრი.

„ჩვენი ჩართულობა, ღიაობა,  არაერთი კონსტრუქციული ნაბიჯი სწორედ მიუთითებს იმაზე, რომ ეს მოლაპარაკება ჩვენი პარტიისთვის კი არა, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ, ჩვენ არაერთი წინადადება უკვე დავაყენეთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის და წარვუდგინეთ ეს წინადადებები, როგორც ფასილიტატორ ელჩებს, ასევე ოპონენტებს. შესაბამისად, გადაწყვეტილება, რაც მათ მიიღეს, ეს არის მათი გადაწყვეტილება, თუმცა ვიტყვი, რომ ეს არის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება. ჩვენ გვჯერა რომ ოპოზიციის იმ ნაწილში, რომელმაც ერთპროცენტიანი ბარიერი გადალახა არიან ის ადამიანები , რომლებიც მეტი პასუხისმგებლობით, გონიერებით ეკიდებიან პროცესს და შემოვლენ პარლამენტში. ჩვენ მეხუთე რაუნდისთვის ყოველდღიურ რეჟიმში მზად ვართ, ველოდებით გადაწყვეტილებას ფასილიტატორი ელჩებისგან იმის თაობაზე, რომ ჩაინიშნოს ეს მოლაპარაკებები“, – განაცხადა მიქანაძემ.