გივი მიქანაძე - მიხეილ სააკაშვილისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლება სრულფასოვნად იქნება რეალიზებული, როგორც კი განაცხადებს თანხმობას პროცესების პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებაზე, ან ონლაინ რეჟიმით მონაწილეობაზე
მიხეილ სააკაშვილისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლება სრულფასოვნად იქნება რეალიზებული, როგორც კი განაცხადებს თანხმობას, რომ პროცესები ჩატარდეს პენიტენციურ დაწესებულებაში, ან იმაზე, რომ ონლაინ რეჟიმში ჩაერთვება სასამართლო პროცესებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ „სააკაშვილს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც გულისხმობს შესაძლებლობას, პირადად დაესწროს სასამართლო განხილვებს, თუ ის ამას მოითხოვს“.
„სამართლიანი სასამართლო, რა თქმა უნდა, მოიცავს პირის ჩართულობას მის მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესებში, ამის უზრუნველყოფა განხორციელებული იყო, როდესაც მას შესთავაზეს უსაფრთხოების ღონისძიებებიდან და სხვა თანმდევი პირობებიდან გამომდინარე, რომ მონაწილეობა მიეღო ონლაინ ფორმატში, რომელიც დანერგილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში. ასევე, მონაწილეობა მიეღო უშუალოდ და შესთავაზეს, რომ ეს პროცესები ჩატარებულიყო პენიტენციური დაწესებულების ფარგლებში, რაზეც უარი დააფიქსირა დაცვის მხარემ. ამის საფუძველზე მისი უშუალო მონაწილეობა თუ კი არ ხდება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დაცვის მხარის გადაწყვეტილებით. ამიტომ, ეს უფლება უზრუნველყოფილია, როგორც კი ისინი განაცხადებენ თანხმობას, რომ პროცესები ჩატარდეს ან პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც სააკაშვილი არის ამ ეტაპზე განთავსებული ან ის განაცხადებს თანხმობას, რომ ჩაერთვება ონლაინ რეჟიმში სასამართლო პროცესებს, რა თქმა უნდა ეს უფლება სრულფასოვნად იქნება რეალიზებული. აქ თუ რამეზე ყურადღება გასამახვილებელია, პირველ რიგში საუბარია იმაზე, რომ თვითონ ბრალდებული და მისი დამცველები უარს ამბობენ ამ სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე იმ ფორმით, რაც მსოფლიო პრაქტიკაში აპრობირებულია და სამართლიანი სასამართლოს უფლებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო სრულ პასუხისმგებლობას იღებს როგორც კონკრეტული მსჯავრდებულის, ასევე ნებისმიერი მსჯავრდებულის უსაფრთხოების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფაზე.
„კონკრეტული პირები, რომლებიც ამ კონსილიუმში არიან ჩართულნი, მათ ჩართვამდე ეს პირები სუბიექტური მიდგომებით და მოსაზრებებით გამოირჩეოდნენ. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმ გარემოებას, რომ იუსტიციის სამინისტრო სრულ პასუხისმგებლობას იღებს როგორც კონკრეტული მსჯავრდებულის, ასევე ნებისმიერი მსჯავრდებულის უსაფრთხოების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფაზე. შესაბამისად, ყველა პირობა ტარდება ამ ეტაპისთვის, რაც ამ ადამიანის სიცოცხლის უზრუნველსაყოფად და ჯანმრთელობის უფლების დასაცავად არის საჭირო. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ კონკრეტული მსჯავრდებული უარს აცხადებს შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც მითითებულია, რომ მან შიმშილობა უნდა შეწყვიტოს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.